ნატოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება

20/12/2017

საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას თავდაცვის მინისტრმა ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე გაღრმავებული თანამშრომლობისა და ურთიერთთავსებადობის მაღალი დონე გამოყო.
როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, უწყებაში ჩატარებული რეფორმები ნატოსთან თავსებადობის გაზრდას ემსახურებოდა. მინისტრმა იმ კონკრეტულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება, რის საფუძველზეც ალიანსი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორად და ასპირანტ ქვეყნად აღიარებს. „ნატოს ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, თავდაცვის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იყოს – რასაც ვაკმაყოფილებთ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ასევე, რომ შეიარაღებაში 20% იყოს გათვალისწინებული. ჩვენ წელს გვქონდა 10% და მომავალ წელს დაახლოებით 19% გვექნება – ეს მართლაც ძალიან სერიოზული და დიდი ნაბიჯია იმ სტანდარტების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, რასაც ნატო წევრ ქვეყნებს უყენებს და რასაც ხშირ შემთხვევაში ყველა ქვეყანა ვერ ასრულებს,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.
თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული იმპლემენტაციის შესახებაც ისაუბრა. „ნატოსთან მიმართებაში ჩვენი მთავარი ეროვნული პრიორიტეტი კვლავ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაცია რჩება. წელს 15-დან ერთ-ერთი ინიციატივა – სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვა წარმატებით დავასრულეთ. SNGP-ის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება გვაქვს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის შემდგომი სრულყოფის თვალსაზრისით. თავდაცვის ინსტიტუციონალური აღმშენებლობის სკოლის განვითარების კუთხით კი, 2017-2020 წლის სტრატეგია შევიმუშავეთ. ამ ორი მიმართულებით საერთაშორისოდ დიდი აღიარება გვაქვს,“ – აღნიშნა ლევან იზორიამ.
საკომიტეტო მოხსენებისას თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს კომისიის სხომაზე გაჟღერებული განცხადებები გამოყო, სადაც დემოკრატიული განვითარების მიღწევები და თავდაცვის უწყებაში განხორციელებული შთამბეჭდავი პროგრესია ხაზგასმული.
ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმებზე საუბრისას მინისტრმა კონკრეტული მიღწევები გამოყო და განაცხადა: „თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ფონდში ნატოს წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმა ჩვენი რეფორმების მხარდასაჭერად მომავალში 2 მილიონი ევროს აკუმულირება მოახდინეს. წელს ნატომ საქართველო , მის მიერ განხორციელებული რეფორმების გამო, სამოდელო ქვეყნად აღიარა“.
მინისტრმა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურების გზაზე არსებული მიღწევები აღნიშნა. მისი თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სკანდინავიისა და ბალტიის თავდაცვის თანამშრომლობის ფორმატში ურთიერთობას გააძლიერებს. „ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობის თვალსაზრისით გვსურდა განსაკუთრებულად გაგვეაქტიურებინა ჩვენი ინიციატივები ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობის წევრ ქვეყნებთან. ამიტომ, ჩემი პირველი ვიზიტი ფინეთსა და შვედეთში შედგა. ეს ასევე, უკავშირდებოდა ჩვენს ე.წ. ფლანგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების პოლიტიკას.
წარმატება გვაქვს ასევე სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების თავდაცვის თანამშრომლობის ფორმატში“ – აღნიშნა ლევან იზორიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0