ნატოსთან ურთიერთობის ისტორიაში ასეთი დინამიკა არასოდეს ყოფილა

11/04/2017

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მოსმენისას, ლევან იზორიამ სხვა პრიორიტეტულ საკითხებთან ერთად, ყურადღება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაზე გაამახვილა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რეფორმების კომპლექსურად გააზრება, ნატოს სტანდარტებთან თანხვედრაში მოყვანა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებულობა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორები თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს დადებითად აფასებენ და მხარდაჭერას უცხადებენ: „ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ნატოსთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გვაქვს ურთიერთობის დინამიკა.
სექტემბერში საქართველოში გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ; ასევე, 2-3 მარტს საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტს ვუმასპინძლეთ. მაისში საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი იგეგმება. რასაც მე გადავხედე, ახლო წარსულსა და საერთოდ, ჩვენი ურთიერთობის ისტორიაში ასეთი დინამიკა არასოდეს ყოფილა. ეს კი ცალსახად ცხადყოფს ამ ურთიერთობის გაღრმავების ტენდენციას“, -განაცხადა ლევან იზორიამ.
რეგიონულ უსაფრთხოებაზე საუბრისას, თავდაცვის მინისტრი შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩვენი ქვეყნის ჩართულობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ნატოს ამ მიზნით, კონკრეტული წინადადებები და გეგმა, როგორც საჰაერო, ასევე, სახმელეთო და საზღვაო მიმართულებით ჯერ კიდევ იანვარში წარუდგინეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0