ნატოს გადაადგილებისა და კონტროლის კურსი დასრულდა

28/10/2016

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთ მიმართულებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს. ამ მიზნით, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ნატოს გადაადგილებისა და კონტროლის კურსი ჩატარდა.
მონაწილეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და კურსის ხელმძღვანელმა ბელგიის სამეფოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა პეტერ დე ლეპელერმა გადასცეს. ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მსგავსი კურსების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ინსტრუქტორებს მადლობის სერთიფიკატები გადასცა. კურსის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა პეტერ დე ლეპელერმა კურსი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სწავლება ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი იყო ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სხვადასხვა შესაბამისი ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებისთვის სპეციალური კურსი ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ნატოელი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. ტრენინგზე გადაადგილების კოორდინაციის, მისი დაგეგმვისა და აღსრულების კონტროლის საკითხები განიხილეს. აღნიშნული კურსის განმავლობაში მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანია „გადაადგილების საკოორდინაციო ცენტრის“ მუშაობისთვის, რომელიც საქართველოში ახლო მომავალში გაიხსნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0