ნინო გვენეტაძე თურქეთის პროკურორთა დელეგაციას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ უზენაეს სასამართლოში თურქეთის საკასაციო სასამართლოს მთავარი პროკურორის, მეჰმეტ აქარჩას ხელმძღვანელობით, თურქეთის რესპუბლიკის პროკურორთა დელეგაციას უმასპინძლა.
როგორც PROF-NEWS-ს უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში – ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და უზენაესი სასამართლოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის პალატის მოსამართლეები.

როგორც უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ქართული მართლმსაჯულების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ.

შეხვედრაზე ნინო გვენეტაძემ მიმოიხილა სამართალწარმოების ხარისხის გაუმჯობესებისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, განსაკუთრებით კი ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის რეფორმის საკითხებზე.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან და იუსტიციის სამინსიტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში იწყებს მართლმსაჯულების გრძელვადიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს. ამავე დროს, აქტიურად ვუჭერთ მხარს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ სისხლის სამართლის პოლიტიკის და რეფორმის წინადადებებს, რომელიც ეხება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოებას საქართველოში. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციას შიდა სასამართლო გადაწყვეტილებებში და ამ მიზნით საკასაციო საჩივრის საფუძვლებს ვაფართოვებთ. აღნიშნული ცვლილება უზენაესი სასამართლოს დატვირთულობას კიდევ უფრო გაზრდის“, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და საქმეთა ელექტრონულად განაწილების პრინციპთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრაზე თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა ქართველ მოსამართლეებს გააცნო თურქეთის მართლმსაჯულების სისტემა და თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის ძირითადი ასპექტები.

დელეგაციის ხელმძღვანელმა ნინო გვენეტაძეს მადლობა გადაუხადა მიღებისათვის და თურქეთის რესპუბლიკის სახელით უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიიწვია მიმდინარე წლის 15-18 ოქტომბერს დაგეგმილ მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
”თურქეთის რესპუბლიკის პროკურორთა დელეგაციამ აღნიშნა, რომ საქართველოში მათი ოფიციალური ვიზიტი ემსახურება მართლმსაჯულების სფეროში ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზანს. უზენაეს სასამართლოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სასამართლოს ისტორიული შენობა და მასში განთავსებული მართლმსაჯულების მუზეუმი”, – აცხადებენ უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურში.

Visited 169 times, 1 visit(s) today