ნინო წილოსანი მოსახლეობას შეხვდა

24/01/2018

ლანჩხუთი – ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატმა და მისმა სამაჟორიტარო ბიურომ, მოსახლეობას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინეს.
შეხვედრას მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ანგარიშის პირველ ნაწილში დეპუტატმა თავის საპარლამენტო საქმიანობასა და საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა საპენსიო რეფორმაზე, ასევე, იმ კანონპროექტების განხილვასა და მომზადებაზე, რომლებიც ახალგაზრდების ჯანსაღ მომავალს, გენდერული თანასწორობის საკითხებს ეხება და მისთვის პრიორიტეტულია. მაჟორიტარმა დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის არის – გზების შეკეთება, სკოლების და სპორტული მოედნების მშენებლობა/რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, რომელიც 2017 წელს ჯამში 20-მდე სოფელში განხორციელდა.
2018 წლისთვის დეპუტატის პრიორიტეტულ საკითხებს შორის არის: დასაქმება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, გურიის ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდობის განვითარების მხარდაჭერა, თვითმმართველობის გაძლიერება. ასევე, დიდი სამუშაო იგეგმება ფაროსანასთან საბრძოლველად. ნინო წილოსანი აქტიურად არის ჩართული ამ მიმართულებით 2018 წლის სტრატეგიის პროექტის შემუშავებაში.
ანგარიშის პრეზენტაცია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0