ნოდარ კერესელიძე ADA-ის წარმომადგენლებს შეხვდა

07/06/2017

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ავსტრიის განვითარების სააგენტოს ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, ვალტერ ემაირს და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. ნოდარ კერესელიძემ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და ავსტრიულ მხარეს მადლობა გადაუხადა ცხოველთა იდენტიფიცირების, ლაბორატორიული მომსახურების განვითარების, შესაძლებლობათა გაძლიერების მიმართულებებით გაწეული მხარდაჭერისთვის. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ავსტრიის გამოცდილების გაზიარება მაღალმთიან რეგიონებში მეცხოველეობის განვითარებაში და ამ მიმართულებით სააგენტოსთან თანამშრომლობა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიო და ორგანული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა. საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს ასეთი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე მიმწოდებელი, თუმცა ამისათვის სერტიფიცირების, მარკეტინგული და სხვა აუცილებელი პროცედურების გზაა გასავლელი. თქვენ ამ მხრივ საუკეთესო გამოცდილება გაქვთ; შესაბამისად, ბიო და ორგანული პროდუქციის წარმოება და შემდგომი რეალიზაცია არის ის მიმართულება, სადაც ავსტრიის სააგენტოს მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ. როგორც ავსტრიის განვითარების სააგენტოს ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ვალტერ ემაირმა შეხვედრაზე აღნიშნა, ავსტრიის მხარისთვის აგრარული დარგის მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობა პრიორიტეტულია, არსებობს კარგი გამოცდილება და მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ახალი სფეროები, სადაც სამომავლოდ თანამშრომლობას განვიხილავთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0