ნოდარ კერესელიძე USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

09/02/2017

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს, სუზან კუტორს და USAID-ის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ყურადღება გაამახვილა “ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხებზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ სუზან კუტორს სოფლის მეურნეობის განვითარების სტარტეგია 2015-2020 გააცნო და საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ესაუბრა. ნოდარ კერესელიძემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში ექსტენციის განვითარების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით USAID-ის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბაზრების დივერსიფიკაციის და საქართველოში საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტების წარმოების ზრდის მნიშვნელობას, ასევე ევროკავშირის ბაზარზე პირველი ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტის – თაფლის ექსპორტის შესაძლებლობებს. შეხვედრის ფარგლებში, ნოდარ კერესელიძემ USAID-ის წარმომადგენლებს სრული ინფორმაცია მიაწოდა დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის – კუსებრი ფაროსანას შესახებ. მხარეებმა მავნებელის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, სუზან კუტორმა ნოდარ კერესელიძეს მადლობა გადაუხდა აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. როგორც სუზან კუტორმა შეხვედრაზე აღნიშნა, არაერთი წარმატებულად განხორციელებული პროექტი გახდა წინაპირობა იმისა, რომ უახლოეს მომავალში USAID საქართველოში გეგმავს ახალი პროექტის დაწყებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის კონკურენტუნატიანობის ამაღლებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0