ნოემბრის თვიდან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არგამოცხადებისთვის დაწესებული სანქციები ამოქმედდება

02/11/2017

პლენარული სხდომის გვიან დაწყების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება: „მიუღებელია ეს პრაქტიკა, რომელიც სამწუხაროდ ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი მექანიზმი ჩვენთვის არის სანქციები და შეგვიძლია სანქციები ავამოქმედოთ ნოემბრის თვიდან. ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი იმისათვის, რომ უკეთესი მაჩვენებლები გვქონდეს ჩვენ სხდომაში მონაწილეობის, დასწრების და, ასევე, არდაგვიანების“.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილეს და მიიღეს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროქტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე“.
როგორც მომხსენებელმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, პარლამენტის დადგენილების თანახმად, იქმნება სპეციალური საორგანიზაციო კომისია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით, ასევე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. კომისიის შემადგენლობა განსაზღვრულია შემდეგი სახით:

1.ირაკლი კობახიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
2.თამარ ჩუგოშვილი- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
3.ირმა ინაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
4.არჩილ თალაკვაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი;
5.მამუკა მდინარაძე – ფრაქცია „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე;
6.სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი;
7.ვასილ გონაშვილი -ექსპერტი;
8.თენგიზ შარმანაშვილი – ექსპერტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე;
9.ლაშა ტუღუში – გაზეთ „ რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი;
10. თორნიკე ჭეიშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მთავარი სპეციალისტი, რომელიც შეასრულებს კომისიის მდივნის ფუნქციას.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობამ და ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი განაცხადეს კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე.

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ საორგანიზაციო კომისიაზე, რომელიც იქმნება კონსტიტუციის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად იმისათვის, რომ 1 თვის განმავლობაში ჩატარდეს კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პლენარულ სხდომაზე განიხილეს და მიიღეს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივაა. კანონპროექტის მიზანია, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების მიერ გრანტის მიღების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა.
სხდომაზე განიხილეს და მიიღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ზავრაშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტები: ოქმთან -„ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ საქართველოს შეერთების თაობაზე; „საქართველოს მთავრობასა და კლიმატის მწვანე ფონდს შორის კლიმატის მწვანე ფონდის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“; „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენციასთან შეერთების თაობაზე“. დღესვე, დეპუტატებმა განიხილეს და მიიღეს დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს და მიიღეს კანონპროექტების პაკეტი: „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
გარემოს დაცვისა და ბუნებტრივი რესურსების მინისტრის მოადგილის, მაია ზავრაშვილის განმარტებით, წარმოდგენილი კანონპროექტებით შესაბამისად ხდება ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის ფართობის და კოორდინატების დაზუსტება; ასევე, ზუსტდება მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ბუნების ძეგლის ფართობი და კოორდინატები, კერძოდ, ცვლილება შეეხება ბალდის კანიონის, ონიორის ჩანჩქერის და ტობის პირველი მღვიმის, აგრეთვე ტობის ჩანჩქერის და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის, ჯორწყუს მღვიმის, ოჩხომურის ჩანჩქერის, მდინარე აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლებს.
კანონიდან ხდება მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლის ამოღება. ზუსტდება ასევე ჩხოროწყუს, წალკის, თეთრიწყაროს, ტყიბულის და დუშეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე არსებული რამდენიმე ძეგლის ფართობები და კოორდინატები; იმერეთის მღვიმეების ბუნების ძეგლებიდან ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლის ამოღება; ზუსტდება სათაფლიის აღკვეთილის ფართობი და კოორდინატები, განისაზღვრება იმერეთის ტერიტორიაზე არსებული მღვიმეების კოორდინატები. რაც შეეხება თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ზუსტდება თბილისის ეროვნული პარკის ფართობი და კოორდინატები. კერძოდ, პარკის საზღვრებიდან ხდება ზედაზნის სამონასტრო კომპლექსის და სოფ.კევლიანთან მდებარე ბნელი საყდრის ტერიტორიის გამოტანა.

მაია ზავრაშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა, ასევე, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. „საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურების პრევენციის, ასევე საზღვაო გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, შეიმუშავებს „შავი ზღვის დაცვის ეროვნულ საზღვაო სტრატეგიასა და საზღვაო გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის სამოქმედო პროგრამას“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ეს დოკუმენტი უნდა განახლდეს 6 წელიწადში ერთხელ“, -განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

პლენარულ სხდომაზე განიხილეს „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძის განცხადებით, „კანონპროექტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილია, გასცეს წერილობითი თანხმობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარედ, გზის ღერძიდან ორივე მხარეს, ხე-მცენარეებით დაკავებულ ტერიტორიაზე ხეების მოჭრის და მერქნიანი მცენარის ვარჯის ფორმირების თაობაზე, ხოლო ამ პროცედურით მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემასა და მიღებული მერქნული რესურსის სპეციალური ფირნიშებით მარკირებას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით, ახორციელებს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტო, და ეს რესურსი საწყობდება მათ მიერ მითითებულ ტერიტორიაზე“, – განაცხადა გიორგი სეთურიძემ.

პლენარულ სხდომაზე განიხილეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ წარმოადგინა. მისი თქმით, იმ მუხლებში, რომლებიც განსაზღვრავენ – რაიონული სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს და შემთხვევებს, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ოქმი არ შედგება, ხდება მითითებითი ნორმების კორექტირება და შესაბამისობაში მოყვანა.
კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა.
მისი თქმით, სარჩელის უზრუნველყოფის თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გავრცელდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებულ შესაბამის საპრიზო ფონდზე.
პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს პარლამენტის წვლილზე „Doing Business“ რეიტინგში საქართველოს დაწინაურების საქმეში.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის. რამდენიმე თვის წინ მე წარმოგიდგინეთ 3 კანონპროექტი: მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებები; ფასიანი ქაღალდების კანონში და გადახდის უუნარობის კანონში ცვლილებები, რომელთა შედეგად საქართველო დაწინაურდა რეიტინგში და ამჟამად ჩვენ მცირე აქციონერთა უფლებების დავის კუთხით, მსოფლიოში მეორე ადგილზე ვართ 190 ქვეყანას შორის, ხოლო გადახდის უუნარობის საქმის წარმოების კუთხით 49 ადგილით დავწინაურდით, 106-ედან ადგილზე 57- ე ადგილზე, რამაც სხვა რეფორმებთან ერთად დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ დღეს საქართველო მე-9 ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების კუთხით“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მანვე დღეს დეპუტატებს კანონის პროექტი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით წარუდგინა.
მისი თქმით, კანონპროექტით დგინდება საავტორო უფლების მოქმედების ვადა თანაავტორობით შექმნილი ტექსტის მქონე მუსიკალურ ნაწარმოებზე; ფონოგრამის სახით ჩაწერილი შესრულებისათვის, რომელიც გამოცემის ან საჯარო გადაცემის გზით საზოგადოებისათვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, შემსრულებლის უფლების მოქმედების ვადა გრძელდება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთი პირველად დადგომიდან 70 წლის განმავლობაში.
ირმა ქავთარაძის განმარტებით, ასევე დგინდება შემსრულებლის უფლება, შეწყვიტოს ფონოგრამის დამამზადებელთან მისი შესრულების ჩანაწერზე უფლების გადაცემის ხელშეკრულება, როდესაც ფონოგრამის დამამზადებელს ფონოგრამის მართლზომიერი გამოცემიდან ან საჯარო გადაცემიდან 50 წლის წლის შემდეგ გასაყიდად არ გამოაქვს ფონოგრამის ასლების საკმარისი რაოდენობა ან არ ხდის მათ საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს; ზუსტდება ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლების გამოთხოვის ან განადგურების საკითხი.

თანამომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის მოსაზრებები გააცნო დეპუტატებს. „ეს არის ძალიან საინტერესო და ახალ პრინციპებზე დაფუძნებული პროქტი. მთავარი არის ის, რომ ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად, ვალდებულების შესრულების შედეგად, საავტორო უფლების მფლობელებს გარკვეულ შემთხევაში დაცვის დამატებითი ვადა ენიჭებათ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. მან ისაუბრა, ასევე, კომიტეტის შენიშვნების თაობაზე.

დეპუტატებმა განიხილეს „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა წარმოადგინა.
მისი თქმით, მასში განმარტებულია მთელი რიგი ახალი ტერმინები. კანონპროექტში გათვალისწინებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვაში, ამასთან, სამსახურს არ ეკისრება პასუხიმგებლობა, თუ სათანადო პროცედურების განხორციელებისას არ გამოვლენილა ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევა, რასაც მოჰყვა შესაბამისი საქონლის გაშვება ან სამსახურის მიერ არ იქნა განხორციელებული საქონლის შეჩერების შესაბამისი პროცედურები.

„პროექტი ითვალისწინებს ისეთი საკითხების მოწესრიგებას, როგორიცაა: მფლობელის უფლებების დაცვა; ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის წესი და პირობები და რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება; შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება; შეჩერებული საქონლის ვადაზე ადრე გაშვება; საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება, ამასთან, პროექტი ასევე ითვალისწინებს საქონლის ჩამორთმევასა და განადგურებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს“, -აღნიშნა გიორგი თაბუაშვილმა.

დღესვე კანონპროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გიცორიძემ წარმოადგინა.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ 2016 წლის 20 ნოემბრიდან 2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით გაწეული მუშაობის ანგარიში.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სასესიო კვირის მომდევნო პლენარული სხდომა ხვალ, 12 საათზე განახლდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0