ნულოვანი კონსენსუსით მიღებული კონსტიტუციის პროექტი დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს დემოკრატიულ პროცესებს

02/06/2017

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დღეს სახალხო დამცველს შეხვდნენ და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე კონსენსუსის რესურსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
“კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ნულოვანი კონსენსუსი.
პრაქტიკულად საკონსტიტუციო კომისაში მონაწილე არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, არცერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, არც სახალხო დამცველმა არ დაუჭირა მხარი კონსტიტუციის პროექტს და შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ დოკუმენტს, რომელიც შეეხება თითოეული ადამიანის ცხოვრების წესს, ქვეყნის ბედს ისე, რომ მასზე არის მხოლოდ ერთი პარტიის თანხმობა”, – აღნიშნა აბაშიშვილმა.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, შეუძლებელია, დემოკრატიის პირობებში ასეთი ტიპის დოკუმენტს ეწოდოს კონსტიტუცია. ასეთი ტიპის დოკუმენტი ძალიან შორსაა ლეგიტიმაციისგან.
“მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს საერთო წერტილები იმისა, თუ სად შეიძლება მოხერხდეს კონსენსუსი. ჯერ კიდევ არის ამისი დრო, არ არის საჭირო პროცესის ფორსირება.
ჯერ კიდევ არ არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნა და სრულიად გაუგებარია განცხადებები ივნისში ორი მოსმენით კონსტიტუციის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც დეკლარირებულია განცხადება, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა უნდა იყოს გათვალისწინებული.
ნულოვანი კონსენსუსით ასეთი დოკუმენტის მიღება ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს”,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0