ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, გურიის გუბერნატორთან მერაბ ჭანუყვაძესთან და ოზურგეთის მერთან კონსტანტინე შარაშენიძესთან ერთად, ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„მადლობას გიხდით იმ ცოდნისთვის, რომელიც თქვენ ამ სკოლიდან გამატანეთ. ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისურვებდი თქვენთან საუბარს და რჩევის მოსმენას, თუმცა, ვიცი, რომ ახლა ყველაზე მეტად ჩვენს სკოლას კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია სჭირდება. მოსწავლეებს განათლების მიღების და ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის სათანადო პირობები უნდა ჰქონდეთ. ამ სკოლის ისტორიული მემკვიდრეობა სათანადოდ შენახვას და დაფასებას მოითხოვს. სწორედ იმისთვის შეგხვდით, რომ უახლოეს მომავალში ერთად დავიწყოთ სკოლის საფუძვლიანი განახლება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ აღნიშნა, ის მიესალმება არჩილ თალაკვაძის ინიციატივას. მზადყოფნას გამოთქვამს თანამშრომლობისთვის და ამ მიმართულებით პედაგოგებს მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ. შეხვედრის ბოლოს მათ სკოლის შენობის სპორტული დარბაზი და საკლასო ოთახები დაათვალიერეს. ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლა, რომელშიც ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ეგნატე ნინოშვილი, სოლომონ ჭეიშვილი და სხვა გამოჩენილი მამულიშვილები სწავლობდნენ, დაარსებიდან 170 წელზე მეტს ითვლის.

Visited 283 times, 1 visit(s) today