ოზურგეთში მოყვარულთა საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდება

16/02/2017

დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში „საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ასოციაციის“ წარმომადგენელი ლაშა ჭეიშვილი სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის განვითარების განყოფილების თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის „მოყვარულთა თასი 2017“ – ის დაწყებამდე განსახორციელებელი ღონისძიებების დეტალები შეათანხმეს. „მოყვარულთა თასი 2017“ გაიმართება 2017 წლის 25 მარტიდან 2017 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით. ჩემპიონატი მიზნად ისახავს ფეხბურთის მასობრიობის გაზრდას, ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სამოყვარულო ლიგების ჩამოყალიბებას, ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენას, სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენას, დამწყები მწვრთნელებისა და მსაჯების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ეროვნული ნკრების კანდიდატების შერჩევასა და მომზადებას. „მოყვარულთა თასი 2017“ – ს ხელმძღვანელობს და ორგანიზებას უწევს „საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია“ (სსფა). ჩემპიონატის მხარდამჭერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტები, რომლებიც ემორჩილებიან IFIB -ის (ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციების საბჭო) მიერ დადგენილ სტანდარტებს. ჩემპიონატი გაიმართება 3 ეტაპად: მუნიციპალური, რეგიონალური და ფინალური. მუნიციპალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს 40 მუნიციპალიტეტის 200 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი. ფინალური ეტაპზე რეგიონს 2 ან 1 ფინალისტი გუნდი წარადგენს. გამარჯვებულ გუნდს ენიჭება ჩემპიონის ტიტული და ფულადი ჯილდო. მეორე და მესამე ადგილზე გასულებს გადაეცემა გარდამავალი თასები. გუნდის ყველა მონაწილე მიიღებს მედლებს. ჩემპიონატის შემდეგ გამოვლინდება საუკეთესო მწვრთნელი, ფეხბურთელი, მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, საუკეთესო გოლის ავტორი და ბომბარდირი, რომლებსაც გადაეცემათ ინდივიდუალური პრიზები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0