ოზურგეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა

26/05/2019

ქალაქ ოზურგეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები იმართება, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთ აქტივობას მართავს. ღონისძიებების კონცეფცია ცოდნის გაზიარება და მისი მნიშვნელობაა. ღონისძიებებს ესწრებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიაში ზურაბ ნასარაია, რწმუნებულის მოადგილეები აკაკი შენგელია, ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავდაპირველად – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს, შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელ კულინარიულ მრავალფეროვნებასა და ტრადიციებს, ხალხური რეწვის ნიმუშებს, ასევე გარემოს დაცვის სფეროში გამორჩეული და წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიულ მონაცემებს. ღონისძიების ფარგლებში იმართება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისთვის მოწყობილია გასართობი სივრცეები, სადაც სპორტული შეჯიბრებები, მხიარული ვიქტორინები და შემეცნებითი თამაშები ტარდება. საზეიმო ღონისძიებას განსაკუთრებულ ხიბლს ძენს ნიკო ფიროსმანის ტილოების მიხედვით გაცოცხლებული პერსონაჟები, ცოცხალი ყვავილებით შექმნილი პანო და ფოტოგადაღების კუთხე – “გახდი ფიროსმანის მაგიდის სტუმარი“.
ღონისძიების სტუმრების განწყობაზე მომღერლები და მუსიკალური ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში იზრუნებენ.
ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე, ისევე როგორც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება. ღონისძიებას “ერისიონის“ გრანდიოზული კონცერტი და ცნობილი ქართველი მომღერლები დაასრულებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0