ოთარ დანელია სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

13/05/2016

სოფლის მეურნეობის მინისტრი აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, აგროდაზღვევის პროექტი, რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ყოველ წელს სიახლეებით გამოირჩევა.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და მასში ხუთი სადაზღვევო კომპანია – ”ალდაგი”, ”ჯი პი აი ჰოლდინგი”, ”აი სი ჯგუფი”, ”არდი ჯგუფი”, ”უნისონი” – არის ჩართული. პროგრამის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობაა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშაულება ეძლევათ, დააზღვიონ მოსავალი სეტყვაზე, ჭარბ ნალექზე, ქარიშხალზე, საშემოდგომო ყინვაზე. 2016 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 97 პოლისი, საიდანაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო 100 000 ლარზე მეტი ოდენობის სადაზღვევო პრემიერს აფინანსებს.

“ჩვენ გავზარდეთ საპროცენტო განაკვეთები თანადაფინანსების ნაწილში. დღევანდელი შეხვედრის ფორმატი არის სტანდარტული ტრადიცია, ვინაიდან ყოველი სეზონის დაწყებისას გავდივართ კონსულტაციებს სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებთან, ასევე გვაქვს ინფორმაცია საველე პირობებიდან, თუ რა პრობლემური საკითხები დაფიქსირდა. მოგეხსენებათ, იყო სეტყვის რამდენიმე შემთხვევა. ჯერჯერობით ჩვენს შორის არ ყოფილა ისეთი პრობლემა, რომელიც არ გადაჭრილა და არ ყოფილიყო თანხვედრა. დღევანდელი შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ იყოს მაქსიმალური მზადყოფნა და მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ბენეფიციარებმა,” – განაცხადა დანელიამ.

2016 წელს პროექტში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ფერმერს შეუძლია 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი დააზღვიოს, თითოეული დამზღვევი 60%-ის ნაცვლად 70%-იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე – 40%-ის ნაცვლად 50%-ის. წელს აგროდაზღვევის ბიუჯეტი, ისევე როგორც შარშან, 10 მილიონ ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0