ოთარ შამუგია შპს „საქართველოს მელიორაციის“ რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა

28/02/2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია შპს „საქართველოს მელიორაციის“ რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე 2023 წლის განმავლობაში რეგიონული სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამეს, მუნიციპალიტეტების მიხედვით არსებული გამოწვევები, საირიგაციო და სადრენაჟე სისტემებზე არსებული ვითარება განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო სამელიორაციო ტარიფების რეფორმას. მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიიღო რეგიონული სამსახურების საჭიროებების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბურობასა და მათ მნიშვნელობაზე გამახვილდა.

„მნიშვნელოვანია, რეგიონში არსებული მდგომარეობის, მიღწეული პროგრესისა და გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებისგან მივიღოთ. დღეს ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი რეფორმა – ტარიფების რეფორმა მიმდინარეობს, რომლის განხორციელებასაც გარკვეული გამოწვევები ახლავს თან, თუმცა მზად ვართ, მაქსიმალურად მოვახდინოთ რესურსების მობიზილება. შპს „საქართველოს მელიორაციას“ ჩვენგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებმა მინისტრისგან ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის – მათი საჭიროებების განსაზღვრის, ასევე მხარდამჭერი სერვისების, პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდების დავალება მიიღეს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თამაზ მღებრიშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს მინისტრი ეტაპობრივად მართავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0