ორი რამ უნდა გაიმიჯნოს – ერთი სისხლის სამართლის საქმე, მეორე თვითონ ვიდეორგოლი

12/06/2017

იუსტიციის მინისტრმა თა წულუკიანმა ნარკოპოლიტიკასა და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.
“მე რაც მოვისმინე და ვნახე, ძალიან არ მომეწონა, ამას ვამბობ ღიად. ორი რამ უნდა გაიმიჯნოს – ერთი სისხლის სამართლის საქმე, მეორე თვითონ ვიდეორგოლი.რაც ეხება სისხლის სამართლის საქმეს, როგორც რიგით მოქალაქეს, ძალიან მიხარია, რომ მოსამართლესაც და პროკურორსაც, ჩემი გადასახედიდან, ჰქონდათ და აქვთ სწორი პოზიცია.
რაც შეეხება თვითონ რგოლს, ამ რგოლში, რომლის სქრინშოთებიც ვნახე დაბლარვამდე, ვერაფერი განსაკუთრებულად საგანგაშო ვერ დავინახე. გამოხატვის თავოსუფლება, მით უმეტეს, როდესაც საქმე რეპთან გვაქვს, გულისხმობს იმასაც, რომ გაშარჟებული იქნეს ესა თუ ის სახელმწიფო ინსტიტუტი.
მეორე თემაა, თვითონ სახელმწიფო ინსტიტუტებმა, მე, ჩემნაირმა სხვა წარმომადგენლებმა, პოლიციელებმა, მოსამართლეებმა, პროკურორებმა, აღმასრულებლებმა – რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობას არ გაუჩნდეს სურვილი, გაგვაშარჟოს. ჩემთვის ეს არის მთავარი თემა, რაზედაც ყველამ უნდა ვიმუშაოთ. ახალგაზრდა თაობას, ვინც რეპს მისდევს, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ყოველთვის არ ვიყავით დამოუკიდებელი ქვეყანა და პოლიცია, ჯარი არის ის ინსტიტუტები, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის პირველი ნიშანია. ამიტომ თუ მომავალში, ცოტა უფრო მეტი სიფრთხილით მოვეკიდებით ამ საკითხს, კარგი იქნება, თუ ვერ მოვეკიდებით, არც ეს არის პრობლემა – იმიტომ რომ ყველას გვაქვს გამოხატვის თავისუფლება.
ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით თქვენ ნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა კარგი მოწოდება. მას ეს პოზიცია მთავრობის იმ სხდომაზეც ჰქონდა, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ, მისივე დავალებით, წარადგინა მარიხუანას ნაწილში ლიბერალიზაციის შესახებ ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ახლა პარლამენტშია. დროა, რომ ჩვენ ყველამ ერთად – აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებებმა, დავაჩქაროთ ამ პაკეტის მიღება, ვნახოთ ამ რეფორმის შედეგები პრაქტიკაში მანამ, სანამ ვიფიქრებთ სხვა ნივთიერებების კუთხით ლიბერალიზაციის რეფორმაზე, მაგრამ ეს რეფორმა, რა თქმა უნდა, უნდა დაჩქარდეს”-განაცხადა წულუკიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0