ორმხრივად მნიშვნელოვან პროცესს ვიწყებთ

28/04/2017

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორი 16-სართულიანი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 164 დევნილ ოჯახსა და სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 220 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა.
„ორმხრივად მნიშვნელოვან პროცესს ვიწყებთ, ამ კორპუსების მშენებლობა გაჩერებული იყო და აჭარის მთავრობისა და ჩვენი სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა გაგრძელება. შესაბამისად, 220 წაბლანელი ოჯახი და 164 დევნილი ოჯახი ამ კორპუსებში ბინებს მიიღებს. წაბლანის ტრაგედია 28 წლის წინ მოხდა და დღემდე, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გადაწყვიტა ამ ხალხის საცხოვრებლის პრობლემა. დღეს, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობის დასრულების შემდგომ, აჭარაში იმ დევნილების პრობლემა გადაწყდება, რომლებსაც დღემდე არ აქვთ სახლები,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სამშენებლო სამუშაოებს ბინათმშენებლობის ამხანაგობა „წაბლანა 2015“ ახორციელებს. აჭარის მთვრობამ ამხანაგობას ბათუმში 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა და 1 550 000 ლარი გამოუყო. მშენებლობის დასრულების საქმეში დიდი წვლილი შეაქვს დევნილთა და განსახლების სამინისტროს, რომელიც აღნიშნულ კორპუსებში დევნილი ოჯახებისთვის 164 ბინას შეისყიდის. სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0