ორპირი-ცუცხვათის რეაბილიტირებული გზა გაიხსნა

18/01/2018

ისტორიული ცუცხვათის ციხის ნანგრევებთან მისვლა რეაბილიტირებული გზით იქნება შეასძლებელი. ორპირი – ცუცხვათი – მღვიმეს 10.5 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ახალი გზა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, იმერეთის მხარის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ, ტყიბულის მერმა თემურ ჩუბინიძემ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ერთობლივად გახსნეს. ორპირი-ცუცხვათის გზის რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ განხორციელებულა და აღნიშნული მონაკვეთი თითქმის სრულად ამორტიზებული იყო. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად განხორციელდა გზის სრული რეაბილიტაცია. დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი. მოეწყო გვერდულები, გაბიონის საყრდენი კედლები, საგზაო ნიშნები, ავტოპავილიონები, ფოლადის ბაგირები, პარაპეტები, ჩატარდა მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების სამუშაოები. რეაბილიტირდა არსებული სახიდე გადასასვლელი. აღნიშნული მონაკვეთით მიდის, ისტორიული ცუცხვათის ციხის ნანგრევებთან და კასტრული მღვიმისკენ მიმავალი მთის ბილიკის დასაწყისთან, რაც ტურისტული თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არსებული მღვიმეების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, სარეაბილიტაციო გზის ბოლო 274 გრძივი მეტრის ნაცვლად, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი გრანიტის ძელურებით (ე.წ „ბრუშატკა“) და ავტომანქანების სადგომი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 971 600 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და ყაზახურმა კომპანია BI Gროუპ-მა ცოტა ხნის წინ დაასრულა. პროექტის ფარგლებში 270 ადამიანი დასაქმდა, მათ შორის ადგილობრივებიც. ღონისძიებაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, მომავალი წლიდან, ორპირი-სოჩხეთის საავტომობილო გზის მშენებლობა დააანონსა. მაჟორიტარმა დეპუტატმა ღონისძიების მიწურულს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუნდეტს მარიამ კაკაბაძეს საკუთარი სახელობის სტიპენდია, ხოლო სოფელ წყნორში მცხოვრებ ზაუტაშვილების ოჯახს ყოველთვიური შემწეობა დაუნიშნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0