ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი პოლონეთის საელჩომ დააფინანსა

30/05/2017

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და პოლონეთის პირველი ლედი აგატა კორნჰაუზერ-დუდა ოჯახური ძალადობის მხვერპლ ქალთა და მოზარდთა კრიზისული ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.
ცენტრი 2003 წელს დაარსდა, დღეს კი ცენტრის ახალ შენობაში ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.
ორი ქვეყნის პირველმა ქალბატონებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ცენტრის ხელმძღვანელებსა და ბენეფიციარებს ცენტრის გახსნა მიულოცეს.
„მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში ჩემს სტუმარს ქალბატონ აგატას, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ასეთ მნიშვნელოვან საქმეში.
ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ესტონეთისა და იაპონიის საელჩოებს, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ და ეხმარებიან ადამიანებს, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ დახმარება.
ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, უნდა ვიყოთ ერთმანეთის სოლიდარულები და უკეთ შევძლებთ ერთმანეთის დახმარებას და გაძლიერებას“,-აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი პოლონეთის საელჩომ დააფინანსა. აღნიშნულ ცენტრს მხარს ასევე იაპონიისა და ესტონეთის საელჩოები უჭერენ.
„ჩემთვის დიდი პატივია მივიღო მონაწილეობა ამ ცენტრის სიმბოლურ გახსნაში, ადგილის სადაც ქალებს ექნებათ საშუალება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოემზადონ.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მხარდაჭერისთვის.
ამაყი ვარ, რომ ჩემმა ქვეყანამაც მიიღო მონაწილეობა ამ საქმეში და მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ დასავლეთ საქართველოშიც გაიხსნას ასეთი ცენტრი,“- განაცხადა აგატა კორნჰაუზერ-დუდამ.
მაკა ჩიჩუა და აგატა კორნჰაუზერ-დუდა სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს და მათ შვილებს შეხვდნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. პოლონეთის პირველმა ლედიმ ცენტრის ბენეფიციარების შვილებს სათამაშოები და წიგნები გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0