პარლამენტისთვის ისეთი მითითების მიცემა, რაც პრეზიდენტის შენიშვნებშია, არის პირდაპირი შეჭრა საპარლამენტო საქმიანობაში

22/03/2017

პარლამენტისთვის ასეთი მითითების მიცემა, თუ სად უნდა იყოს კონკრეტული სააგენტო, რაც პრეზიდენტის შენიშვნებშია, მე ვფიქრობ, ეს საპარლამენტო საქმიანობაში პირდაპირ შეჭრაა, – ამის შესახებ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ბესელიას თქმით, პრეზიდენტის მიერ ფარულ მოსმენა მიყურადების კანონპროექტთან დაკავშრებით ვეტოს გამოყენება არის პრინციპულად არასწორი.

,,მე ვფიქრობ, რომ სრულიად აღრევა მოხდება კონსტიტუციური პრინციპების თუ კი არ გაიმიჯნა ფუნქციები, რა არის საკანონმდებლო ორგანოს საქმე, რა არის პრეზიდენტის და რას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლო. ასეთ დავალებებს კანონმდებლები არავისგან უნდა ვიღებდეთ. მე, პრინციპულად მიმაჩნია, რომ პარლამენტმა, რომელიც დღეს საკონსტიტუციო უმრალესობითაა წარმოდგენილი და იღებს პასუხისმგებლობას მიღებულ კანონზე, საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხებს.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა დაგვიწეროს ჩვენ მოდელი. მაშინ სრულიად აღრევა მოხდება პრეზიდენტის ინსტიტუტის, საკანონმდებლო ფუნქციაში. ძალიან პრინციპული საკითხია, რომ შენიშვნები კანონების კონსტიტუციურ ჭრილში განხილვას ეხებოდეს და არა იმას, კონკრეტული სააგენტო რომელი აღმასრულებელი ხელისუფლების სტუქტურის ქვეშ იქნება. ვფიქრობ, რომ ასეთ საკითხებზე ვეტოს გამოყენების უფლება ეს არის პრინციპულად არასწორი გაგება ამ პოლიტიკური მოვლენების. ამიტომ ალბათ საჭიროა რომ ყველაფერი გააზრებული იყოს. შესაბამისად ასეთ არგუმენტებს ვერ გავიზიარებთ“, -განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტი ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს. მმართველი უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს. გიორგი მარგველაშვილს პარლამენტისათვის აქვს ორი ძირითადი შეთავაზება: პირველი ითვალისწინებს იმას, რომ ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო იყოს პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება. მეორე წინადადება არის ის, რომ სააგენტომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებისათვის სამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0