პარლამენტის ბიურომ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სესიის 22 დეკემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელა. დღეს, პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს კანონპროექტს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტის თანახმად, ხდება კანონის სრულად ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისა და საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედების განსხვავებული ვადების დაწესება.
კერძოდ, 2019 წლის 1 ივნისამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უნდა უზრუნველყოს „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანების ამ კანონთან შესაბამისობა.
აგრეთვე, 2019 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს მთავრობამ და სახელმწიფო ინსპექტორმა უნდა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა და 2019 წლის 1 ივლისამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად საჭირო რაოდენობის გამომძიებელთა თანამდებობებზე დასანიშნად.
პლენარულ სხდომაზე დაგეგმილია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მესამე მოსმენით განხილვა.
პროექტის თანახმად, იცვლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტატუსი. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყალიბდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახით და მას ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
კანონის პროექტის მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადასახდელები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე პროგრამული კოდით.
პარლამენტის ბიურომ რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელა
Visited 83 times, 1 visit(s) today