პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა

24/02/2017

ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა, დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს პარლამენტმა მუშაობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტის მეორე მოსმენით განხილვით უნდა დაიწყოს. მისი თქმით, ასევე წარმოდგენილია ალტერნატიული წინადადებები საპარლამენტო უმცირესობის მიერ და აღნიშნული პაკეტი ალტერნატიულ წინადადებებთან ერთად განიხილება. პარლამენტის ვიცესპიკერმა საპარლამენტო უმცირესობიდან, სერგი კაპანაძემ კანონპროექტთა ამ პაკეტის განხილვის გადადება ითხოვა. მისი თქმით, კანონპროექტების მიმართ ბევრი შენიშვნაა და კარგი იქნება თუ კონსულტაციები გაგრძელდება და კანონპროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე შემდეგ სასესიო კვირას მოხდება. მისი თქმით, ეს კანონპროექტთა პაკეტის კონსტრუქციულ რეჟიმში, საკონსტიტუციო ვადებში მიღებასაც შეუწყობს ხელს. „მე მქონდა კონსულტაციები იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელობასთან და მათი პოზიცია იყო, რაც გავიზიარეთ ჩვენც, რომ გავაგრძელოთ ამ კანონპროექტების პაკეტის განხილვა პირველ რიგში იმ ვადებიდან გამომდინარე, რომელიც თქვენც ახსენეთ. ჩვენ ვართ შეზღუდული ვადებით, მარტის ბოლომდე უნდა მივიღოთ სამი მოსმენით კანონპროექტთა პაკეტი. ასევე გასათვალისწინებელია კანონის მიღების შემდეგ გასავლელი შესაძლო პროცედურები. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა დღეს კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვის გაგრძელება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სხდომის დღის წესრიგში ასევე დარჩა ყველა ის საკითხი, რომლის განხილვაც მიმდინარე სასესიო კვირას იგეგმებოდა. ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განსახილველად წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა, ასევე განიხილა საორგანიზაციო საკითხები, რომელთაგან ზოგიერთი ცნობად მიიღო, ზოგიერთი კი შემდგომი განხილვისთვის შესაბამის კომიტეტებს გადაეცა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ზაზა ხუციშვილის ინფორმაციით, კომიტეტში შემოსული იყო სამი საკანონმდებლო წინადადება დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების ჭრასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რის გამოც კომიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც კანონში შესატან ცვლილებათა შეჯერებულ ვარიანტზე ავტორებთან ერთად მუშაობს. ბიუროს სხდომის დამთავრებისთანავე, კანონმდებლებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0