პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხებს რამდენიმე დოკუმენტი დაემატა

29/11/2017

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხებს რამდენიმე დოკუმენტი დაემატა, რომელთა შესახებაც პარლამენტის ბიურომ დამატებით იმსჯელა. დღის წესრიგს დაემატა სახალხო დამცველის არჩევის საკითხი, ასევე მესამე მოსმენით განსახილველი კანონპროექტები. ბიურომ იმსჯელა საორგანიზაციო საკითხებზეც, მათ შორის საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის კომიტეტებში ხელახალი განხილვის თაობაზე.
პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ირმა ინაშვილმა ბიუროს თხოვნით მიმართა სახალხო დამცველის კანდიდატურის კენჭისყრის გადადების თაობაზე რადგან მისი თქმით მათ მიერ დასახელებული კანდიდატი საქართველოში არყოფნის გამო მონაწილეობას ვერ იღებს პლენარულ სხდომაში, რაც მას დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, არსებობს ორი ალტერნატივა, „ერთი – შეგვიძლია კენჭისყრა ჩავატაროთ განხილვის გარეშე, რაც მგონი არ ივარგებს, მეორე ალტერნატივაა, რადგანაც ნინო ლომჯარია არის ჩამოსული, მასთან ჩავატაროთ განხილვა და ამის შემდეგ დავაყენოთ კენჭისყრაზე. იმ შერმთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს განსხვავებულ გადაწყვეტილებას, გაგრძელდება პროცედურა და შემდეგ ექნება ყველა კანდიდატს იმის საშუალება წარმოადგინოს საკუთარი ხედვა ადამიანის უფლებათა დაცვის თაობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირმა ინაშვილმა ბიუროს შესთავაზა, რომ პარლამენტმა დღეს მოუსმინოს ნინო ლომჯარიას, ხოლო გიორგი ფოფხაძე ხვალინდელ სხდომაზე წარსდგება პარლამენტის წინაშე და ამის შემდეგ უყარონ კანდიდატურებს კენჭი.
ბიურო დაეთანხმა კოლეგის შეთავაზებას.
დეპუტატებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0