პარლამენტის თავმჯდომარე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საბჭოს წევრებს შეხვდა

12/06/2017

საქართველოს დემოკრატიული განვითარების გეგმა და საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითადი მიმართულებების გაცნობა წარმოადგენდა საუბრის მთავარ თემას, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საბჭოს წევრებს შორის გამართულ შეხვედრაზე. „დემოკრატიის და კანონის უზენაესობის თვალსაზისით, საქართველო რეგიონში ამაყობს თავისი მოწინავე სტატუსით და აპირებს თავისი მიზნები კიდევ უფრო ამბიციური გახადოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, სტუმრებთან შეხვედრისას, საკანონმდებლო ორგანოს მიმართ ეროვნულ დეკოკრატიული ინსტიტუტის როლი განსაკუთრებით აღნიშნა და პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, აღნიშნული ორგანიზაციის მისამართით, მადლიერება გამოთქვა.
საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მადლენ ოლბრაიტმა დადებითად შეაფასა და განსაკუთრებული ყურადღება ღია მმართველობასა და პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდაზე გაამახვილა.
„ქართული დემოკრატია მნიშვნელოვანია ამერიკის ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისთვის და ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე“, – აღნიშნა მადლენ ოლბრაიტმა.
„საქართველო არის სტანდარტი, რომლითაც ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი რეგიონში თავის წარმატებას ზომავს“ – განაცხადა ყოფილმა სენატორმა, NDI-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ტომას დეშლმა.
შეხვედრაზე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საბჭოს წევრები ქვეყნის უზენაეს კანონში მომზადებულ ცვლილებების პროექტით დაინტერესდნენ. ირაკლი კობახიძემ სტუმრებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგები გააცნო და კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა. პარლამენტის თავამჯდომარემ ვენეციის კომისიასთან კომუნიკაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება კომისიის რეკომენდაციებს ყურადღებით ეცნობა და საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესში მათ მოსაზრებებს ითვალისწინებს. ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო მართველობის მოდელში პროპორციული არჩევნების აუცილებლობაზე ისაუბრა და დემოკრატიული განვითარების გზაზე მისი მნიშვნელობა აღნიშნა. მისი განცხადებით, დემოკრატიულობის თვალსაზრისით, საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებისას არც ერთი ნაბიჯი არ იქნა უკან გადადგმული და ეს მიდგომა თითოეულ მუხლზე აისახება. ეს ყოველივე კი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, ფართო კონსესუსის შედეგად იქნა მიღწეული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0