პარლამენტის თავმჯდომარემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში საქართველოს კონსტიტუციის კანონპროექტი წარადგინა

08/06/2017

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში კონსტიტუციური კანონპროექტის ახალი რედაქციის მეორე თავი – ადამიანის ძირითადი უფლებები წარადგინა და კონსტიტუციურ დონეზე ახალი უფლებების შემოღებასა და მათი დაცვის სტანდარტების გაზრდაზე ისაუბრა.
„საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მეორე თავი თვისობრივად იქნა გადასინჯული, მათ შორის მთლიანად გადაიხედა კონსტიტუციის სტრუქტურა და იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, თვისობრივად შეიცვალა როგორც მუხლების განლაგება, ასევე მათი შინაარსი. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მოამზადა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, სადაც უცვლელად იქნა დატოვებული მმართველობის სისტემა და იგი კვლავაც საპარლამენტო მმართველობის სისტემას წარმოადგენს. კონსტიტუციის ახალი რედაქციით ვინარჩუნებთ ისეთ მოდელს, სადაც საქართველოს მთავრობას პოლიტიკის აღსრულების ექსკლუზიური კომპეტენცია ენიჭება და ერთადერთ აღმასრულებელ ორგანოდ რჩება. ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც კონსტიტუციის ახალ რედაქციას საფუძვლად დაედო. რაც შეეხება ადამიანის უფლებების და თავისუფლებების ნაწილს – მისი წყობა მთლიანად არის შეცვლილი და შევეცადეთ კონცეპტუალური კუთხითაც დაგვენახე მეორე თავის სტრუქტურა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციური პროექტის ახალი რედაქციის მეორე თავის 27-ე მუხლზე დეტალურად ისაუბრა და ძირითადი ყურადღება იმ ნორმებსა და მიდგომებზე გაამახვილა, სადაც ადამიანის უფლებები ახლებურად ყალიბდება და მათი კონსტიტუციურ დონეზე აყვანა ხდება. ირაკლი კობახიძემ უფლებების სტანდარტების გაზრდაზე საუბრისას, ძირითადი აქცენტები გენდერული თანასწორობის კუთხით კონსტიტუციურ ჩანაწერზე გაამახვილა, რომლის მიხედვითაც – „სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“. (მუხლი 11. პუნქტი 3). პარლამენტის თავმჯდომარემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ახალ ძირითად უფლებასა და კონსტიტუციაში გაკეთებულ მნიშვნელოვან ჩანაწერზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი რედაქციის თანახმად, სახელმწიფო შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის განსაკუთრებულ პირობებს შექმნის.
ახალ ძირითად უფლებებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის იმ ჩანაწერებზე ისაუბრა, სადაც აღნიშნულია ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლებაზე, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო უწყებებისგან თავისუფლებაზე და კომუნიკაციების სფეროში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციურ და ფინანსურ დამოუკიდებლობის გარანტიებზე. საკუთრების უფლების მუხლის წარდგენისას, პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნო ის სიახლე, რომელიც დღეს დილით მის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაცხადდა.
„საკუთრების უფლების მუხლის მეოთხე პუნქტში საუბარია მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, რომლის განკარგვასაც ორგანული კანონი აწესრიგებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ დღეს გაკეთდა განცხადება და ჩატარდა სპეციალური ბრიფინგი, სადაც გავახმოვანეთ ჩვენი პოზიცია ამ ჩანაწერის ცვლილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს შესაბამისი ჩანაწერი და პრაქტიკულად უნდა შეიზღუდოს მიწაზე საკუთრების უფლების გადაცემა საქართველოს არამოქალაქეებზე, რაც შეეხება ნორმის დაზუსტებას, იგი ერთობლივი კონსულტაციების საფუძველზე უნდა დაზუსტდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციის მეორე თავში მოცემულ შრომითი უფლებების რეგულაციებს, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის და გარემოს დაცვის უფლებების ნაწილსაც შეეხო. მისი განცხადებით, 26-ე მუხლზე, რომელიც შრომის თავისუფლებას, პროფესიული კავშირების თავისუფლებას, გაფიცვის უფლებას და მეწარმეობის თავისუფლებას შეეხება, მასთან დაკავშირებით ფართო განხილვები გაიმართა და მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება საყოველთაო-სახალხო განხილვების პროცესში გამართულ შეხვედრებზე გაიმართა, რომელზეც მოსახლეობამ მაღალი სტანდარტის შესაბამისი უფლებების დაცვა მოითხოვა.
„დღევანდელი ჩანაწერის მიხედვით, შრომის თავისუფლება ძალიან დაბალი სტანდარტით არის დაცული. კერძოდ საუბარია, რომ შრომის სამართლიანი ანაზღაურება, უსაფრთხო პირობები და არასრულწლოვანთა უფლებები განისაზღვრება ორგანული კანონით. 2010 წელს მე თავად ვმონაწილეობდი ამ საკითხის განხილვაში და ზუსტად ვიცი თუ რატომ ჩაიწერა ასეთი უსუსტესი ნორმა კონსტიტუციაში. მიზანი იყო ის, რომ მაქსიმალურად დაბალი სტანდარტით ყოფილიყო გარანტირებული შრომითი უფლებები. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ვფიქრობ, რომ ჩანაწერი უფრო მკაცრი ფორმით შეიცვალოს. კერძოდ, არა თუ განისაზღვრება ორგანული კანონით, არამედ ორგანულ კანონში უნდა ჩაიწეროს, რომ შრომის უსაფრთხო პირობები, ქალისა და არასრულწლოვანის შრომის პირობები და შრომის სამართლიანი ანაზღაურება დაცულია ორგანული კანონით და ეს იქნებოდა უფრო ეფექტური გარანტია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძე ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის უფლებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში მოცემული ბუნდოვანი მიდგომა კონკრეტული ჩანაწერით შეიცვალა და ამასთან ერთად, ცალკე მუხლად გამოიყოფა გარემოს დაცვის უფლება, სადაც უფრო მაღალი სტანდარტები შემოდის.
პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციაში ქორწინების უფლების ჩანაწერის გაკეთებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფართო დისკუსიის შემდეგ გადაწყდა, რომ კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჰახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას (მუხლი 30. პუნქტი 1). „ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ გარკვეულ ჯგუფებს ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებისთვის არ მიეცეთ არავითარი საბაბი. სწორედ ამის პრევენციას ემსახურება ეს ჩანაწერი, რომელიც არ გულისხმობს არანაირი დისკრიმინაციული მიდგომების წახალისებას. ჩვენ მიღებული გვაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და პატივს ვცემთ თვითეული ჯგუფის, მათ შორის, უმცირესობების უფლებებსა და ინტერესებს, შესაბამისად ეს ჩანაწერი ვერანაირად ვერ გახდება ამ უფლებების შეზღუდვის საფუძველი“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. გამოსვლის დასასრულს, ირაკლი კობახიძემ მეორე თავის ბოლო მუხლზე, სახალხო დამცველის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნული ინსტიტუტის კონსტიტუციით გარანტირებული მიდგომები განმარტა.
კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა კომიტეტის სხდომაზე კითხვა-პასუხით გაგრძელდა. როგორც კომიტეტის წევრებმა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს. კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით, მთავრობის საპარლამენტო მდივანმაც ისაუბრა, რომლის განცხადებით, მთავრობა სრულად იზიარებს ახალ რედაქციაში მოცემულ პრინციპებს.
კომიტეტის წევრები საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში სახალხო დამცველის ოფისის მოსაზრებებსაც გაეცნენ, სადაც სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, ასევე ქორწინების უფლების და სახალხო დამცველის მუხლების ჩანაწერი კრიტიკულად იქნა შეფასებული.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პარლამენტის თავმჯდომარეს და მთელ გუნდს, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მოამზადეს, მადლობას გადაუხდი გაწეული საქმიანობისთვის. რაც ახლა გაკეთდა ეს არის სისტემური გაუმჯობესება და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებისთვის სერიოზულ საყრდენს გააჩენს“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე დასმულ კითხვებს უპასუხა და სამოქალქო საზოგადოების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე შეფასება გააკეთა. ირაკლი კობახიძემ დამატებით განმარტა კონსტიტუციის მეორე თავში მომზადებული ადამიანის უფლებების დამცველი ნორმების მნიშვნელობა და ის ახალი მიდგომები, რომლებიც მთელ რიგ უფლებრივ ნაწილს, კონსტიტუციურ სტანდარტებს ანიჭებს.
საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანას. კონსტიტუციური კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენების ფორმატში განხილვა, ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0