პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სამოქმედო გეგმაზე მუშაობას განაგრძობს

18/03/2017

ბორჯომში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ევროკავშირი საქართველოსთვის პროგრამის ფარგლებში „ადამიანის უფლებები ყველასათვის”, შეხვედრას მართავს.
შეხვედრის მიზანია კომიტეტის სამოქმედო გეგმის მომზადება, რომელშიც ასახული იქნება როგორც 2017-2018 წლებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის გეგმები, ასევე, კომიტეტის სხვა აქტივობები საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის გაუმჯობესების მიმართულებით.
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გახსნა.
სამოქმედო გეგემის განხილვაში კომიტეტის წევრებთან ერთად მონაწილეობას იღებენ კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით მოწვეული ექსპერტი ირაკლი ჩიქოვანი.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ხელშეწყობა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უფრო ფართო ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ერთ-ერთი მიმართულებაა.
სამწლიანი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონ ევროს აღემატება, ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0