პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართა

23/12/2017

მესამე მოსმენით განსახილველი საკითხების თაობაზე იმსჯელა პარლამენტმა დღეს გამართულ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა წარმოადგინა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელსაც, მომხსენებლის თქმით, მესამე მოსმენისთვის ცვლილება არ განუცდია.
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში“ ცვლილებების შესახებ“ პროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტების პაკეტი წარმოადგინა.
მესამე მოსმენით წარმოადგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
საქართველოს კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენით საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკა ქარდავამ წარმოადგინა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა კოლეგებს გააცნო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი.
მანვე წარადგინა კანონპროექტი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ გიორგი კახიანის განმარტებით, იმავე რედაქციით არის წარმოდგენილი, როგორც მეორე მოსმენისას.
პარლამენტის წევრმა მარიამ ჯაშმა მესამე მოსმენით განსახილველად გამოიტანა კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი კანონპროექტების პაკეტი, რომლებშიც არსებითი ცვლილება არ შესულა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის შესახებ ისაუბრა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროეტთა პაკეტი წარუდგინა პარლამენტს მესამე მოსმენით.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ წარადგინა.
საკითხების ამოწურვის შემდეგ პარლამენტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი განხილულ კანონპროექტებს. ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კენჭისყრაზე დააყენა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საკითხი. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილი ზაზა გაბუნიას კანდიდატურას პარლამენტის 80 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
ამით, პარლამენტის პლენარულმა სხდომამ მუშაობა დაასრულა. რიგგარეშე სესია დახურულად გამოცხადდა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0