პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივით, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა

24/12/2021

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივითა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით გაიმართა ონლაინ საჯარო ვებინარი თემაზე: 2022 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმოხილვა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდა ინფორმაცია 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე და მის ძირითად პარამეტრებზე. ირაკლი კოვზანაძემ ისაუბრა საბიუჯეტო პროცესზე, რომელიც პარლამენტში მაისიდან ე.წ. BDD-ის დოკუმენტის მიღებით იწყება და დეკემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებით სრულდება. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტის პარამეტრებზე და მომავალი წლის მაკროეკონომიკურ სცენარზე. ვებინარის მონაწილეებმა ისაუბრეს: 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, სახელმწიფო ვალზე, ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. პრეზენტაციების შემდეგ, ვებინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საჯარო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე; გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკატერინე ღაზაძე. პარლამენტის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი; ასევე საფინანსო და საბიუჯეტო საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ონლაინ შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ვებინარის მონაწილეებისთვის დაესვათ შეკითხვები საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებით და მიეღოთ პასუხები. ვებინარის პირდაპირი ტრანსლაცია პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე და პარლამენტისა და NDI საქართველოს ფეისბუქ გვერდებზე მიმდინარეობდა. ღონისძიება დაფინანსებული იყო „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0