პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდათ

22/06/2017

„განიკურნე!“ – ამ სახელწოდების კამპანიის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდათ. პროცესში 100-ზე მეტი პირი ჩაერთო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტთა 2 ჯგუფი კვლევებს სწრაფი-მარტივი ტესტების საშუალებით, საკანონმდებლო ორგანოში, მთელი დღის განმავლობაში აკეთებდა, მიღებულ ინფორმაციას კი, ცენტრის მიერ ახლად შემუშავებულ, C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ელექტრონულ სისტემაში ათავსებდა.
ელექტრონული სისტემა 26 მაისს ამოქმედდა და ქვეყანაში რეგისტრირებული ყველა გამოკვლეული ბენეფიციარის შესახებ მონაცემების ონლაინ რეგისტრაციას უზრუნვლყოფს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინიცირებული კამპანია – „განიკურნე!“ მიზნად C ჰეპატიტის ვირუსის დროულ გამოვლენას ისახავს. უფასო საყოველთაო სკრინინგის აქციაში ჩართვით, ყველა დაინტერესებული პირი ინფორმაციას ორგანიზმში ვირუსის არსებობის შესახებ ტესტის გაკეთებიდან 15 წუთში იღებს. ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში კი, ელიმინაციის პროგრამაში ჩართვას შეძლებს.
ამ დრომდე პროგრამაში 41.000-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული, მათგან 30.000-ზე მეტმა კი მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0