პარლამენტმა აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

12/09/2017

„მინდა, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძეს იმ ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და იმ დამსახურებისთვის, რომელიც მას მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის 95 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის 95 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებასა და საზეიმო მიღებას უმასპინძლა.
ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
„ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავგეგმეთ, რომ პარლამენტში ვუმასპინძლებდით ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძის საიუბილეო ღონისძიებას, რომლითაც აღვნიშნავდით როგორც მის დამსახურებას მეცნიერების მიმართულებით, ასევე, მის უდიდეს პიროვნულ ღირსებებს, ასევე სიყვარულსა და პატივისცემას, რომელიც ქალბატონმა მარიკამ სრულიად ყველა თაობის მხრიდან დაიმსახურა“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ღონისძიებაზე ფილმების – „ისტორიამ რა ჰქმნა“ და „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ ჩვენება გაიმართა. აკადემიკოსს იუბილე მიულოცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა და ფილმის – „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ ერთ-ერთმა ავტორმა, სულხან მელაძემ, რომელმაც მარიამ ლორთქიფანიძეს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
საზეიმო მიღებაზე მარიამ ლორთქიფანიძის ღვაწლისა და დამსახურებების შესახებ ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც დამსწრეებს სიტყვით მიმართა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარიამ ლორთქიფანიძემ თავისი შრომით მომავალ თაობებს ცოდნისა და პატრიოტული ღირებულებების მყარი ფუნდამენტი შეუქმნა.
„მარიამ ლორთქიფანიძე გახლავთ საქართველოს ისტორიის ცოცხალი მემატიანე, ადამიანი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მდიდარი ისტორია გააცოცხლა, ეს ისტორია გვასწავლა და თითოეულ ჩვენგანს შეაყვარა. ჩვენ დღეს აღვნიშნავთ ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძის 95 წლის იუბილეს. ქალბატონმა მარიკამ მთელი თავისი ცხოვრება ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესწავლას და ამ ცოდნის ახალგაზრდა თაობებისთვის გადაცემას მიუძღვნა. ალბათ, ეს არის ყველაზე დიდი მისია და პატივი ნებისმიერი ადამიანისთვის. ქალბატონმა მარიკამ თავისი დაუღალავი შრომით მომავალ თაობებს შეუქმნა როგორც ცოდნის, ასევე, პატრიოტული ღირებულებების ძალიან მყარი ფუნდამენტი და მან მისცა მაგალითი ჩვენს ახალგაზრდა თაობებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0