პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

07/03/2024

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. ცვლილებები, რომელიც სხდომაზე პარლამენტის წევრმა ბეჟან წაქაძემ წარადგინა, ითვალისწინებს „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსის 144-ე მუხლის მე-7 ნაწილის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის 1 დეკემბრამდე, ნაცვლად 2024 წლის 1 მარტისა. მომხსენებლის განცხადებით, არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სავალდებულო სერტიფიცირებასთან დაკავშირებული მუხლი შეჩერებული იყო 2024 წლის 1 მარტამდე. ვინაიდან დაინტერესებულ საჯარო უწყებებთან, სხვადასხვა პროფესიულ ასოციაციებთან და სამშენებლო კომპანიებთან სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჯერ კიდევ გრძელდება მუშაობა და კონსულტაციები, ასევე, აკრედიტაციის პროცედურების დაწყებას, აკრედიტაციის მოპოვებას, შემდგომ გამოცდების ორგანიზებას საკმაო დრო სჭირდება, მოცემული ვადისთვის ვერ განხორციელდება არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტების სერტიფიცირებული პირების მიერ დამოწმება, რაც სანებართვო პროცესს მნიშვნელოვნად შეაფერხებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭირო გახდა 2024 წლის 1 მარტამდე შეჩერებული მუხლის ამოქმედების გადავადება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0