პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

20/03/2024

პარლამენტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 74 ხმით მიიღო. პროექტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ან/და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნისთვის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება. ცვლილებებზე პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, კოდექსის მე-18 მუხლს განმარტება ემატება, რომლის თანახმადაც ზემოაღნიშნული ქმედება დასჯადად ჩაითვლება. კოდექსში მეორე ცვლილებაც შედის, რომლის თანახმად, თუკი პირი საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვა, სადაც მას საფრთხე ემუქრებოდა და დაუყოვნებლივ გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოში, ამასთან, საქართველოში უკანონო შემოსვლის შესახებ სათანადო განმარტებას წარადგენს და მას საერთაშორისო დაცვის სტატუსი მიენიჭება, ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდება თუ მას იმავდროულად სხვა დანაშაული არ ექნება ჩადენილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0