პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ კანონში ცვლილებები განახორციელა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს მხარი 75 ხმით დაუჭირა. პროექტით იარაღის დროებითი მოწმობის გაცემის საფუძვლებთან, იარაღის გადაადგილების წესთან და პირობებთან, იარაღის დროებითი მოწმობის ფორმასა და გაცემის წესთან, შიდა ტრანზიტის მომსახურების ვადასა და საფასურთან, სააგენტოს მიერ გასაწევ ცალკეულ მომსახურებათა მიღების ვადასთან, დაჩქარებულ მომსახურებებთან და საფასურის განაკვეთებთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება. გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შესაძლებელი იქნება განისაზღვროს მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის წინასწარ (მომსახურების გაწევამდე) გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების გარემოებები.
კანონპროექტის მიღების შედეგად, მომსახურების სააგენტო უფლებამოსილი გახდება, შენახვის უფლებით რეგისტრირებულ იარაღზე გასცეს იარაღის დროებითი მოწმობა მისი შენახვის ადგილიდან ტირში/სასროლეთში გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით. ამასთანავე, ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს შესაძლებლობა ექნებათ იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე განახორციელონ შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის გადატანა შენახვის ადგილიდან იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან მიტანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით. მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი ცვლილება სატრანსპორტო საშუალების ე. წ. ფასიანი ნომრების ფიზიკურად შენახვას ეხება. კერძოდ, ცვლილებების მიღების შემდეგ შესაძლებელი გახდება ნომრის შენახვა არა ფიზიკურად, არამედ „ვირტუალურად“. ამასთანავე, მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანს, 7 თვის ნაცვლად, შეინახავს 1 წლამდე ვადით. კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება აგრეთვე „სატრანსპორტო საშუალების“ განმარტება. უქმდება გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი, რომელიც 365 დღით გაიცემა და რომლის ღირებულებაც 450 ლარს შეადგენს. კანონპროექტის თანახმად, 2023 წლის 1 მარტიდან შეიცვლება შიდა ტრანზიტის მომსახურებაც. კერძოდ, მოქმედი კანონის მიხედვით, შიდა ტრანზიტი გაიცემა ჯამში 90 დღით, რომლის დღიური საფასური 1 ლარია. ცვლილების თანახმად კი, შიდა ტრანზიტის 90 დღის ვადით გაცემისთვის განისაზღვრება ერთიანი საფასური 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე, უქმდება სანქციები შიდა ტრანზიტის ვადის გადაცილებისთვის. ცვლილებები შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ ცნობების გაცემის საკითხსაც. კანონპროექტის მიხედვით, ცნობების გაცემის საერთო სტანდარტული ვადა 5 სამუშაო დღიდან მცირდება 3 სამუშაო დღემდე, ხოლო დაჩქარებული მომსახურების გაწევის სახედ მხოლოდ 1 სამუშაო დღეში ცნობის გაცემა დარჩება.

Visited 32 times, 1 visit(s) today