პარლამენტში პროექტ „სტუდენტური კონგრესის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

25/06/2018

„ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა და ამოცანა, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტს გადავაბაროთ თვისობრივად გაძლიერებული საკანონმდებლო ორგანო. ამ ხედვის განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია გარე ფაქტორების როლი: გვჭირდება სერიოზული ინტერაქცია საზოგადოებასთან, ახალგაზრდებთან, მათი მონაწილეობა საპარლამენტო დისკუსიებში და ამიტომ, ინიციატივა „ახალგაზრდული კონგრესი“-ძალიან მნიშვნელოვანია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პროექტ „სტუდენტური კონგრესის“ ფინალურ შეხვედრაზე განაცხადა.

საქართველოს პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე, სტუდენტებმა იმიტირებული საკომიტეტო მუშაობის შედეგად მომზადებული ოთხი პროექტი წარმოადგინეს, სადაც სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები იყო ასახული.
პროექტები თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას, ქვეყნის ნარკოპოლიტიკას, სასამართლო რეფორმას და შრომითი უფლებების დაცვას შეეხებოდა. სტუდენტებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციტივები და რეკომენდაციები წარმოადგინეს. გამოვლინდა საუკეთესო გუნდიც – გაიმარჯვა შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულმა პროექტმა. გამარჯვებულს – დიპლომი, ხოლო პროექტის ყველა მონაწილეს – სერტიფიკატები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადასცეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუდენტებს მიმართა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ ინფორმაცია საპარლამენტო საქმიანობის შესახებ. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ პარლამენტის საქმიანობის შესახებ, მინდა, რომ სხვა კუთხით, სხვა პერსპექტივიდან დაგანახოთ პარლამენტის საქმიანობა, ის პროცესები, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში და რომლის პირობებშიც მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები. რა დგას მათ უკან და რა განაპირობებს ზოგჯერ პოპულარული, ზოგჯერ ნაკლებად პოპულარული გადაწყვეტილბების მიღებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან საპარლამენტო საქმიანობის არსზე ისაუბრა და პარლამენტსა და საზოგადოებას შორის აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სამომავლო გეგმებიც გააცნო.

„ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა და ამოცანა, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტს გადავაბაროთ თვისობრივად გაძლიერებული საკანონმდებლო ორგანო, თვისობრივად გაძლიერებული პარლამენტი. პარლამენტი სხვადასხვა მიმართულებით საჭიროებს გაძლიერებას, საჭიროა კანონშემოქმედებითი კუთხით ჩვენი რესურსების გაძლიერება, გვინდა რომ უფრო სიღრმისეული განხილვა ჩავატაროთ თითოეულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამას სჭირდება, შიდა რესურსის გაძლიერება. ასევე, გარე რესურის სათანადოდ მოზიდვა. პერსპექტივა არის ამ კუთხით და გვინდა, რომ ეს პერსპექტივა მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ.
ასევე, გაძლიერება გვჭირდება ზედამხედველობის კუთხით. ეს არის ერთ-ერთი სუსტი მხარე ჩვენი პარლამენტის. გვაქვს შესაბამისი ხედვა ამასთან დაკავშირებით. მათ შორის, განიხილება რეგლამენტში ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პრემიერმინისტრის დონეზე, წელიწადში რამდენჯერმე იქნება უზრუნველყოფილი ქვეყნის პოლიტიკის სიღრმისეული განხილვა. მინისტრების დონეზე იქნება უფრო აქტიური ინტერაქცია პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე წელს გვექნება ხელშესახები წინსვლა და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების თვალსაზრისით. გეგმა არის საკმაოდ ამბიციური, გვაქვს კონკრეტული ხედვა. გვინდა ეს დრო მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტს გადავაბაროთ თვისებრივად ახალი ინსტიტუცია.
ეს არის ჩვენი ხედვა და ამ ხედვის განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია გარე ფაქტორების როლი. გვჭირდება სერიოზული ინტერაქცია საზოგადოებასთან, ახალგაზრდებთან, მათი მონაწილეობა საპარლამენტო დისკუსიებში და თუ ეს ყველაფერი იქნება სწორად დაგეგმილი, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გეგმები აუცილებლად განხორციელდება.
ამიტომ ეს ინიციატივა – „ახალგაზრდული კონგრესი“, არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, მომავალში კიდევ გვექნება არაერთი საშუალება შევხვდეთ ერთმანეთს, ერთად ვიმსჯელოთ საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროექტი „სტუდენტური კონგრესი“ პირველად განხორციელდა. მისივე თქმით, სამომავლოდ, პროექტი დაიხვეწება და მასში სტუდენტთა ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„40 საუკეთესო სტუდენტი იყო მოწვეული საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. მათ უდიდესი ენერგია და ენთუზიაზმი გამოამჟღავნეს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხალხში არის ის ძალა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მომავალზე იმედიანად ვისაუბროთ. ეს იყო საპილოტე პროგრამა, რასაც მომავალში დავხვეწთ და კიდევ უფრო გავზრდით სტუდენტთა ჩართულობას ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ამ ახალგაზრდების დიდი ნაწილი მალე პოლიტიკაში მოგვევლინება და ამ სფეროში წარმატებულიც იქნება“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ღონისძიებაში მონაწილეობა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა – კახა კუჭავამ, ირაკლი სესიაშვილმა და ბექა ოდიშარიამ მიიღეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0