პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

22/04/2019

თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს, გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინეს. მომხსენებელმა კომიტეტების წევრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მისი ინფორმაციით, სუს-ის მთავარ მიზანს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. აღნიშნულის ფარგლებში, სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა მიმართული იყო ქვეყნის კონსტიტუციური წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის, საშინაო თუ საგარეო საფრთხეებისაგან დაცვისა და ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფისკენ.

„2018 წელს საქართველოსთვის გამოწვევას წარმოადგენდა რუსული ოკუპაცია, საერთაშორისო ტერორიზმი, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობა, კორუფცია და სამოხელეო დანაშაული. ზემოაღნიშნულთან ეფექტურად გამკლავების მიზნით, სამსახურის საქმიანობა მიმართული იყო საფრთხეების იდენტიფიცირების, პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებისკენ“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, დეპუტატებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სამსახურის საქმიანობაზე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთული უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაზე, ანალიტიკურ საქმიანობასა და უწყებათაშორისო და საერთაშორისო თანამშრომლობების მიმართულებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და საქმიანობის ანგარიშის საჯარო ნაწილზე ისაუბრა.

„საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს კვლავ წარმოადგენს ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალები. აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფოსთვის ძირითად გამოწვევად რჩება ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა და რუსეთის მიერ წარმოებული არაფორმალური ანექსიის პროცესი“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიების საკითხებზე საუბრისას.

მისი ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობებისა და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ძალისა და დე-ფაქტო რეჟიმების მხრიდან სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიზნით ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე“, – აღნიშნა მომხსენებელმა.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრისას, გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ იგი სუს-ის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში სამსახური საერთაშორისო ტერორიზმის ახალი გამოწვევების გამოვლენას აქტიურად ახდენდა და ინტენსიურად მუშაობდა მათთან გამკლავების გზების გაუმჯობესების მიმართულებით.

„2018 წელს დადგინდა რამდენიმე პირი, რომლებიც ინტერნეტსივრცის, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, ტერორისტული ორგანიზაციების იდეებს ავრცელებდნენ. აღნიშნული პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული პროცედურები. საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობის ფაქტები. 2018 წელს სუს-ის ინიციატივით და ხელმძღვანელობით, ასევე სხვა უწყებების ჩართულობით, შემუშავდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს 2019-2021 წლების ეროვნული სტრატეგიის სამწლიანი სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა სუს-ის წარმომადგენელმა.

უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გარკვეულ ქმედებებზე და „ჰიბრიდულ საფრთხეებზე“ ისაუბრა გრიგოლ ლილუაშვილმა კონტრდაზვერვითი საქმიანობის ნაწილის წარდგენისას. მისი ინფორმაციით, სანგარიშო პერიოდში „ჰიბრიდული ომის“ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს დეზინფორმაციული კამპანია წარმოადგენდა.

„ყალბი ახალი ამბებით, ფაქტების დამახინჯებითა და ისტორიის გაყალბებით მიზანმიმართულად ხდებოდა მოსახლეობის პოლარიზაცია, მცდარი შეხედულებებისა და შიშის გავრცელება, საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებით მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სუს-ი მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა ვითარების მონიტორინგს და შესაბამის ღონისძიებებს ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების, აღკვეთის, ასევე მათგან მომდინარე უარყოფითი შედეგების შემცირება-განეიტრალების მიმართულებით“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის საჯარო ნაწილის წარდგენის შემდეგ, სამსახურის პირველმა მოადგილემ სხდომის გაგრძელება დახურულ ფორმატში ითხოვა. „დიდი თხოვნა იქნება სხდომის თავმჯდომარეების მიმართ, დეპუტატების მიმართ, ვინაიდან კითხვები და მასზე გაცემული პასუხები, ყველა შემთხვევაში, იქნება საინტერესო არა მხოლოდ მოყვრისთვის, არამედ მტრისთვის. ჩემი თხოვნა იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმი ჩავატაროთ დახურულ ფორმატში“, – განაცხადა სამსახურის წარმომადგენელმა.

გრიგოლ ლილუაშვილის თხოვნას კომიტეტის წევრების არაერთგვარი პოზიცია მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეკითხვების ნაწილის საჯარო ფორმატში გაგრძელება მოითხოვეს, რასაც კომიტეტის წევრთა უმრავლესობა არ დაეთანხმა. დეპუტატებმა კენჭი უყარეს სხდომის დახურვის საკითხს და ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კითხვა-პასუხი დახურულ ფორმატში წარიმართა.
სხდომის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველმა მოადგილემ და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარები გააკეთეს.

„დახურულ ფორმატში ჩვენ გარკვეულ დეტალებზე ვისაუბრეთ. რაც შეეხება აგენტების გამოვლენას, ამ მიმართულებით კამერების წინ განცხადებებით მუშაობის გაუმჯობესება არ ხდება. მთავარია, მოზომილი პოლიტიკით იდენტიფიცირება მოვახდინოთ, მონიტორინგი ვაწარმოოთ, მათ შორის ისეთ პირებზე, ვინც შემჩნეულია არა მხოლოდ „რბილი ძალის“ ქვეშ ყოფნაში, არამედ პირდაპირ აგენტურულ საქმიანობაში. დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ეს პოლიტიკური ქულებისა და ბენეფიტების დასაწერი საკითხი არ უნდა იყოს. შევთანხმდით, რომ იყო ამ მხრივ არასწორი ნაბიჯები, რამაც უკუშედეგები გამოიღო. საქმის წარმოება მიმდინარეობს 169 პირზე, დაკვირვების მხრივ, მათ შორის 37 არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირი. მთავარი არ არის დაკავება – შეიძლება მათი განეიტრალება. მთავარია, ძირგამომთხრელი საქმიანობის და ქვეყნის ინტერესების დაზიანების საშუალება არ მივცეთ. ხშირ შემთხვევაში, სპეცსამსახურები არა გაძევების, არამედ გადმობირების მექანიზმებსაც იყენებენ. არსებობს უამრავი მექანიზმი, რაც საკმაოდ სპეციფიური თემაა“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

„მაშ შემდეგ რაც დავხურეთ კომიტეტის სხდომა, პროცესი წარიმართა ძალიან კონსტრუქციულად. თითოეული ჩვენგანი ორიენტირებული ვართ კონსოლიდაცია მოვახდინოთ საერთო ინტერესებზე, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კითხვები იყო ყველა მიმართულებით, უწყების ხელმძღვანელი შეეცადა, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები გაეცა, მათ შორის შევთანხმდით, რომ სადაც არის პარლამენტის წევრების მეტი ინტერესი უკვე სესიაზე განხილვისას ასეთ საკითხებს მეტი ყურადღება დაეთმოს. პროფესიონალიზმის ზრდა ამ უწყებაში აშკარაა – ყველა მიმართულებით უწყება პრობლემებსა და გამოწვევებს ხედავს, აქვს გააზრებული პოლიტიკა. ამასთანავე შესაბამის ღონისძიებებს ეფექტურად ატარებს, რაც დასტურდება, მათ შორის ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებით. გამოწვევები რჩება, საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაშია, ამიტომ ჩვენ მეტად გვჭირდება ჩვენი რესურსის გამოყენება და მათ შორის ჩვენი პოლიტიკის კონსოლიდირება, იმისათვის რომ საერთო ინტერესები დავიცვათ“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0