პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები ბორჯომის მერობის კანდიდატ ლევან ლიპარტიას მხარდასაჭერად, დღეს ბორჯომში ჩავიდნენ

10/11/2017

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები ბორჯომის მერობის კანდიდატ ლევან ლიპარტიას მხარდასაჭერად, დღეს ბორჯომში ჩავიდნენ და ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას პარტიის აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მოსახლეობას ლევან ლიპარტიას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში აქტიურობა სთხოვეს.

„დღეს ჩამოვედით იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს კანდიდატს ბორჯომის მუნიცილაპიტეტის მერის პოსტზე ლევან ლიპარტიას. მისი არჩევით ის უამრავი პროექტი უნდა გაგრძელდეს, რომელიც ბორჯომში ხორციელდება. ზოგადად, ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ კეთდება, რასაც ჩვენი მოსახლეობა ხედავს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება კიდევ ერთხელ მოვიპოვეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის მიერ ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

„მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩვენს თანაგუნდელს, ლევან ლიპარტიას ამ საპატიო პოსტისთვის ბრძოლაში, ვუსურვო მას გამარჯვება და წარმატება. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ბორჯომელ ამომრჩეველზეა დამოკიდებული. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მათ, რომ მხარი დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“, ჩვენ მიერ აღებულ პოლიტიკურ კურსს და მერობის კანდიდატ ლევან ლიპარტიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბორჯომელ ამომრჩეველს სიტყვით ასევე, ზურაბ ალავიძემ მიმართა და მუნიციპალიტეტის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„დღეს შევიკრიბეთ ის ადამიანები, ვისაც გვწამს და გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევითა და მუშაობით, ულამაზეს მხარეს – ბორჯომს განვავითარებთ. ბორჯომი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი თვალსაჩინო სავიზიტო ბარათი, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. მთლიანად ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურა გვაქვს მოსაწესრიგებელი, თუმცა ეს ყველაფერი რომ გავაკეთოთ, ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

რეგიონული განვითარების მინისტრმა ბორჯომში დაგეგმილ ინფრასტრუტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას მუნიციპალიტეტის აღმშენებლობის პროცესში აქტიური ჩართულობა სთხოვა.

„მინდა მოგიწოდოთ, რომ მერობის არჩევნებში მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატს დავუჭიროთ და მასთან ერთად ვიმუშაოთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმშენებლობისთვის. ბორჯომის 24 სოფელი მაღალმთიანი სტატუსით უკვე სარგებლობს, რომელთაც კიდევ ორი – სოფელი საკირე და ტაძრისი დაემატება. აღნიშნული სოფლები მაღალმთიანი დასახლების ნუსხაში წლის ბოლომდე შევლენ და იმ შეღავათებით ისარგებლებენ, რომელიც მთავრობამ მათთვის დააწესა“, – აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.

თავად მერობის კანდიდატმა კი, ამომრჩეველთან შეხვედრაზე მმართველ გუნდსა და ადგილობრივ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ყველა იმ პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელიც ბორჯომის საკეთილდღეოდ არის მიმართული.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს ნდობისთვის, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და ბორჯომში მერობის კანდიდატად წარმადგინა. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია. ვაპირებ, განვახორციელო ყველა ის პროექტი და მიმართულება, რაც ბორჯომის საკეთილდღეოდ არის მიმართული. გარწმუნებთ, რომ ოთხი წლის შემდეგ, ბორჯომი ბევრად უფრო ლამაზი და განვითარებული იქნება“, – განაცხადა ლევან ლიპარტიამ.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას 12 ნოემბერს, არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0