პატარა ქანდის საჯარო სკოლაში ეზო და მინი სტადიონი მოეწყო

26/06/2019

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის ეზოსა და მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა. მოეწყო ბუნებრივ საფარიანი მოედანი, გაკეთდა სველი წერტილები. სკოლის მოსწავლეები განახლებული ინფრასტრუქტურით მომავალი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ.
შესრულებული სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, პირველ მოადგილესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.
სკოლის ეზოსა და სტადიონის კეთილმოწყობა კერძო მეწარმემ ვაჟა უსანეთაშვილმა საკუთარი ხარჯებით დააფინანსა. ბიზნესმენის ფინანსური მხარდაჭერით ასევე მიმდინარეობს სკოლის შიდა ფასადის ნაწილობრივი განახლება – რეაბილიტაცია უტარდება საკლასო და მასწავლებელთათვის განკუთვნილ ოთახებს.

„ეს არის საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი, რომლითაც ჩვენი ახალგაზრდა თაობა ისარგებლებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ვაჟას ამ სასიკეთო საქმის დაფინანსებისთვის“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ ადგილობრივებთან საუბრისას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0