პატრიარქმა მრევლს ღვთისმშობლის მიძინების დღე მიულოცა და იქადაგა

28/08/2017

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე მიულოცა,
ღვთისმშობლის ლოცვა კი სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლთან ერთად წაიკითხა.
„მისი ლოცვით, მისი ვედრებით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს, დაიფაროს, დაიცვას სრულიად საქართველო.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყოს მფარველი ჩვენი ხალხისა, ჩვენი ბავშვებისა, ჩვენი მომავალი თაობისა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ დაიცვას და დაიფაროს ყოველი გაჭირვებული ადამიანი. ჩვენთან არს ღმერთი“, – ბრძანა პატრიარქმა.
“თქვენი ლოცვა შეისმინოს უფალმა და დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრისგან, – ასე მიმართა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს, რომლებიც სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ.
„კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენთან ერთად დღეს ლოცულობდა მთავრობის თავმჯდომარე, ბატონი პრემიერ-მინისტრი და მთელი მთავრობა. თქვენი ლოცვა შეისმინოს უფალმა და დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტერისგან. დალოცვილი იყავით“, – ბრძანა პატრიარქმა.
ამასთან უწმინდესმა რამდენიმე სასულიერო პირი სხვადასხვა ხარისხით დააჯილდვოვა. იღუმენი დავითი (კემულარია) დაჯილდოვებულია არქიმანდრიტის ხარისხით; მღვდელი იოანე დაჯილდოვებულია ოქროს ჯვრით და დეკანოზის ხარისხით; მღვდელი გიორგი (ჩანტლაძე) დაჯილდოვებულია ოქროს ჯვრით და დეკანოზის ხარისხით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0