პენიტენციური სისტემის მიმართულებით მომზადებული ცვლილებების პაკეტი ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია რეფორმების კუთხით

23/03/2017

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, პენიტენციური სისტემის მიმართულებით პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პაკეტი ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია სისტემაში რეფორმების გაგრძელების კუთხით.
როგორც ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რევოლუციური გარდატეხა მოხდა. მისივე თქმით, სისტემაში არსებული უმძიმესი რეალობა დაიძლია პირველივე ეტაპზე, როგორც კი ცვლილებები განხორციელდა.
პარლამენტი, პირველი მოსმენით, ”პატიმრობის კოდექსში” ცვლილების პროექტს და მისი თანმდევ კანონპროექტებს იხილავს.
საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობისათვის დამატებითი მექანიზმების დანერგვას, მსჯავრდებულების უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობისა და მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პენიტენციური დაწესებულების შექმნას, მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდისგან ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის დახვეწას, პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისა და პენიტენციური დაწესებულებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0