პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს და 82 ხმით მიიღეს.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტი კომპანიების პარტნიორებს შორის ურთიერთობებს ახლებურად აწესრიგებს. რეგულირდება სამეწარმეო საზოგადოებების დაფუძნების, რეორგანიზაციის, ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის საკითხები, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებები, კონკურენციის, რეესტრის საჯაროობის საკითხები. კანონპროექტს შემოაქვს მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონული პორტალი, როგორც ერთიანი ელექტრონული სივრცის ცნება. ასევე, აწესებს საფირმო სახელწოდების ქართულ ენაზე გამოსახვის ვალდებულებას. პროექტი აწესრიგებს კონკურენციის აკრძალვას, რომელიც ხელმძღვანელი ორგანოს წევრს უკრძალავს სამეწარმეო საზოგადოების თანხმობის გარეშე იგივე საქმიანობის განხორციელებას, რომელსაც ეწევა სამეწარმეო საზოგადოება, ასევე უკრძალავს, იყოს მსგავს სფეროში მოქმედი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი. „მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტი, პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა.