პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის საკითხს კონფერენცია მიეძღვნა

21/06/2017

ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობასთან დაკავშირებული გამოწვევები საქართველოში – ამ სახელწოდების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარემ. თამარ ჟვანიამ ცესკოს წევრთან და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარესთან, ზურაბ ხრიკაძესთან ერთად საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერულ პოლიტიკასა და განხორციელებულ საქმიანობებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას გენდერულ ბალანსსა და გამოწვევებზე – „ჩვენი პოლიტიკის განსაზღვრა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გამოწვევებზე შესაბამისი რეაგირება, პირველ რიგში უნდა იწყებოდეს ამ კუთხით არსებული პრობლემების აღიარებით და ცნობიერების ამაღლებით. სწორედ ამის შემდეგ შევძლებთ განვსაზღვროთ ჩვენი მიდგომები, რომელმაც უნდა აღმოფხვრას გენდერული უთანასწორობა, დაამსხვრიოს ე.წ „მინის ჭერი“, როგორც ქალთა კარიერული ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორი, შექმნას მათთვის ერთნაირი შესაძლებლობები და ხელმისაწვდომი გარემო, უზრუნველყოს თანაბარი ანაზღაურება თანაბარად შესრულებული სამუშაოსთვის“ – აღნიშნა თამარ ჟვანიამ სიტყვით გამოსვლისას. კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, კრისტიან ურსემ და წარადგინა ევროპის საბჭოს რეგიონული კვლევა პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რომელიც მონაწილეებს დეტალურად გააცნეს ევროპის საბჭოს ექსპერტებმა. აღნიშნულ კვლევაში ის ძირითადი ფაქტები და ბარიერებია მოცემული, რომლებიც ზღუდავს ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობას რეგიონში. სადისკუსიო ნაწილში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმ ხელშემწყობ ღონისძიებებსა და სტრატეგიებზე ისაუბრეს, რომლებიც შეიძლება დაინერგოს რეგიონში ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით. კონფერენცია, ევროპის საბჭოსა და საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0