პოლიტიკური კუთხით სააკაშვილი საქართველოში აქტუალური აღარ არის

05/12/2017

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად აღარ არის აქტუალური ჩვენს ქვეყანაში, დანარჩენი არის სამართლებრივი პროცედურების და სამართლის ნორმების საქმე“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავარია სამართლებრივი მოქმედება.
„ჩვენ რამდენჯერმე ადრეც გავაკეთეთ განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ვთქვით, რომ მადლობა ღმერთს, პოლიტიკურად ის აღარ არის აქტუალური ჩვენს ქვეყანაში, დანარჩენი არის სამართლებრივი პროცედურების და სამართლის ნორმების საქმე. ეს არის ურყევი პოზიცია.
ამ შემთხვევაში ყველაფერს შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ, ჩართული იქნებიან ქართული უწყებები ამ საკითხის გადაწყვეტაში, კიდევ ერთხელ, მთავარია სამართლებრივად მოქმედება. პოლიტიკური კუთხით სააკაშვილი საქართველოში აქტუალური აღარ არის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ უპასუხა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ დასმულ შეკითხვასაც.
„აქ არ არის მნიშვნელოვანი ის, თუ რა გვაწყობს ჩვენ და რა არ გვაწყობს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სამართალი დგას პოლიტიკაზე მაღლა და ზუსტად ამ ჭრილში უნდა გადაწყდეს ეს საკითხიც“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0