პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს და პოლიციის რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ ყველა

02/05/2019

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტის წინაშე ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარდგა.

„დღეს ჩემთვის არის მეხუთე საპატიო ჯერი, როდესაც მე ამ ტრიბუნაზე ვდგავარ 1 წლის განმავლობაში და მაქვს პატივი მივმართო საქართველოს პარლამენტს და პარლამენტარებს. რა თქმა უნდა, დღევანდელი გამოსვლით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს პატივისცემას საპარლამენტო დემოკრატიის და საპარლამენტო ზედამხედველობისადმი და შესაბამისად, ვეცდებით პასუხი გავცეთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში და რომელიც გაქვთ თქვენ. ჩვენი ძირითადი მიზანი დღეს გახლავთ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენი გეგმა, ქმედება, პოზიცია, ყოველთვის იყო და იქნება გახსნილი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა გააკეთა, რა გეგმები და რა მიმდინარე პროექტები აქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრმა გამოსვლის დასაწყისში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი ქვეყანაში, თითოეული მოქალაქის ინტერესშია. „პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს, ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის ინტერესებში.“

გიორგი გახარიამ გამოსვლის პირველი ნაწილი ქვეყანაში პოლიციის საქმიანობის კუთხით არსებულ სიტუაციას დაუთმო.

“რამდენიმე სიტყვით მინდა, მოგმართოთ თითოეული პოლიციელის სახელით და შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის სახელით, იმ საკითხებზე, რომლებიც მათ აღელვებთ. მოგეხსენებათ რომ, სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციის ხარისხი არის ძალიან მაღალი და საკმაოდ მაღალი რადიკალიზაციის პირობებში ხორციელდება ჩვენი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება. ხშირ შემთხვევაში ზოგიერთ მხარეებს აქვთ მცდელობა რომ, ამ პროცესში პოლიცია, როგორც ასეთი გახადონ მხარე. მაშინ როდესაც ერთმნიშვნელოვნად, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია არის, რომ პოლიცია არის სრულიად აპოლიტიკური და ეფექტური ორგანო. შესაბამისად, როდესაც ასეთ მცდელობებს აქვს ადგილი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიცია არის ყველასი და პოლიციის ძირითადი მიზანი და რეფორმების ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ პოლიცია იყოს აპოლიტიკური – ეს ერთი. მეორე- ჩვენთვის და თითოეული პოლიციელისთვის მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, რომ სამწუხაროდ პოლიციის და პოლიციელის დისკრედიტაციის მცდელობამ სისტემური ხასიათი მიიღო და ეს იღებს კამპანიურ ხასიათს. რა თქმა უნდა, აქაც ყველამ უნდა გავიხსენოთ ის, რომ პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს და პოლიციის რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ ყველა, რამეთუ ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის დღევანდელ და მომავლის ინტერესებში. მესამე კომპონენტი რასაც მინდა ხაზი გავუსვა, სანამ გამოსვლის ძირითად ნაწილზე გადავალ – გარკვეული მცდელობები შეზღუდონ პოლიციის არეალი, ქმედებები, თემები, გეოგრაფიული განზომილებები, კლუბები და კიდევ სხვა და სხვა სახის მცნებები – კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ვერავინ ვერასოდეს პოლიციის კანონიერ ქმედებას ვერ შეზღუდავს საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ, ვერც ერთ ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიციის კანონიერი ქმედება ვერ შეიზღუდება ვერასდროს და ვერსად. ასევე, ხაზგასმით მინდა ბოლო საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება და თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ თემებში, როგორიც არის საოკუპაციო ზოლი, თუნდაც საზღვარი – უფრო პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს მოქმედებებს, რამეთუ ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე ერთი სოციალური ადამიანთა ჯგუფის ინტერესი. ქვეყნის უსაფრთხოება დგას ყველანაირ პოლიტიკურ ინტერესზე უფრო მაღლა. ეს არის და ეს და შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ მაღალ მატერიებზე ობიექტური რეალობაც უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრმა თავის გამოსვლაში სამინისტროში მიმდინარე სისტემურ რეფორმებზე ისაუბრა და კრიმინალური პოლიციის და საგამოძიებო მიმართულების გაძლიერებაზე საუბრისას განაცხადა, რომ რეფორმების გეგმა 3 კომპონენტს შეიცავს, ეს არის შინაარსობრივი, სტრუქტურული და საკანონმდებლო ცვლილებები. მან კონკრეტულად ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც უკვე განხორციელდა ძირითადი დეპარტამენტების და ძირითადი პასუხისმგებლობის ზონების მიმართულებით.

მისი თქმით, კრიმინალური პოლიციის ნაწილში რეფორმები ძირითადად შეიცავდა სპეციალიზაციის გაჩენას და ეს პროცესი უკვე დაწყებულია თბილისში. თბილისში არსებობს უკვე აბსოლუტურად გამიჯნული დაყოფა საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებით. თბილისი არის პირველი ქალაქი, სადაც გამოჩნდნენ მართლწესრიგის ოფიცრები, ეს არის ის საუბნო მიმართულება, რომელიც ძირითადად მიმართულია პრევენციაზე. მომხსენებელმა ისაუბრა ახალ ქვედანაყოფზე, სადაც ახალგაზრდა პოლიციელები მსახურობენ და მოქალაქეების მაღალი ნდობით სარგებლობენ. მინისტრის თქმით, ისინი თავისი პასუხისმგებლობის ზონაში აკონტროლებენ და თვალყურს ადევნებენ სოციალური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიცაა სასწავლო, საგანმანათლებლო და კიდევ ბევრი დანიშნულების კომპონენტი.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებაზე, -„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კანონმდებლობის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივის შედეგად იყო ინიცირებული საგამოძიებო კომპონენტის გამიჯვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელსა და პროკურორის საზედამხედველო უფლებამოსილებებს შორის, ამაში დეპუტატებიც ძალიან დაგვეხმარნენ – ეს კონცეფცია ჩვენ წარვუდგინეთ ვენეციის კომისიას. ეს კონცეფცია ვენეციის კომისიამ მოიწონა, დაგვეთანხმა და დღეის მდგომარეობით ჩვენ ვაკეთებთ გეგმას, რომლის განხორციელების აბსოლუტურად მკაფიოდ გაწერილი 2-წლიანი გეგმა უკვე არსებობს და რომელსაც თქვენთან მოვიტანთ განსახილველად“. მან ასევე ისაუბრა საგამოძიებო ნაწილში ხარისხის კონტროლის ფუნქციაზე, რომელიც ადამიანის უფლების დაცვის დეპარტამენტს დაევალა შეთავსებით და რომელმაც საკმაოდ წარმატებით იფუნქციონირა ამ ერთი წლის განმავლობაში.

მინისტრმა თავის გამოსვლაში საგზაო უსაფრთხოების შესახებაც ისაუბრა, რაც, მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მოყვანილი სტატისტიკის მიხედვით 2018 წელს 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა გზებზე და ქუჩებში. მან კანონმდებლებს მიმართა, რომ სწორედ მათი დახმარების იმედი აქვს როგორც საკანონმდებლო ცვლილების, ასევე იმ კამპანიის მხარდაჭერის მიმართულებით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წამოიწყო სახელწოდებით „მეტი სიცოცხლისათვის“.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უწყების მიერ გატარებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება. გიორგი გახარიას განცხადებით, დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა, რომლის ეფექტურობაც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც აღიარეს. გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას, დროებითი მოთავსების იზოლატორებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განვითარდა დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურა.
მინისტრის თქმით, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის ატაშეების ქსელს აფართოებს. მან სამინისტროს მიერ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული საერთაშორისო სპეცოპერაციების სტატისტიკა და შედეგებიც წარმოადგინა. ანგარიშის დასრულების შემდეგ მინისტრმა კანონმდებლების მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან შეკითხვებს უპასუხა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0