პორტუგალიაში საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

02/10/2017

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ქალაქ ლისაბონში, ბელემის სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს და პორტუგალიის სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი.
გიორგი მარგველაშვილმა და მარსელო რებელო დე სოუზამ ბელემის სასახლეში პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები გამართეს.
საქართველოს პრეზიდენტმა პორტუგალიის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია და აღნიშნა, დიპლომატიური ურთიერთობების გააქტიურება ახალი სტიმული იქნება ორი ქვეყნის პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებისათვის.
გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი წვლილისათვის.
საქართველოს პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართები, ე.წ. “საზღვრის ნიშნები” და სხვა ხელოვნური ბარიერები სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, პორტუგალიისა და პოტრუგალიურენოვანი ქვეყნების ალიანსის მხარდაჭერის მნიშვნელობა.
მხარეებმა ისაუბრეს ბრიუსელის აღმოსავლეთ ევროპისა და ნატო-ს მომავალი სამიტების მზადების შესახებ. განიხილეს საქართველოსათვის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელების მნიშვნელობა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის დღის წესრიგი.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში რევაზ ბეშიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0