პრეზიდენტისა და 20 ოპოზიციური პარტიის პოზიცია მთლიანად არის აცდენილი ვენეციის კომისიის დასკვნას

25/09/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტისა და 20 ოპოზიციური პარტიის პოზიცია ვენეციის კომისიის დასკვნას მთლიანადაა აცდენილი.
შესაბამისი განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტები – „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ მესამე მოსმენით განსახილველად წარადგინა.
„რა შენიშვნებიც იყო წარმოდგენილი ამ დოკუმენტში, არცერთ ამ შენიშვნას ვენეციის კომისია არ იზიარებს გარდა ერთისა. ვენეციის კომისიამ გამოხატა უკმაყოფილება იმით, რომ სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა 2020 წელს პროპორციული სისტემის ამოქმედება. პრეზიდენტის არცერთ სხვა შენიშვნას არ იზიარებს ვენეციის კომისია. ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ვენეციის კომისიამ ჩვენ მოგვიწონა არაპირდაპირი არჩევა პრეზიდენტის-ეს პირდაპირ წერია ვენეციის კომისიის წინა დასკვნაში. უფლებამოსილებებთან დაკავშირებით არცერთი შენიშვნა ვენეციის კომისიას არ აქვს, ასევე, მთავრობის საკითხებთან დაკავშირებით არ არის არცერთი შენიშვნა. უშიშროების საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით არ არის არცერთი შენიშვნა და თავდაცვის თავთან დაკავშირებით არ არის არცერთი შენიშვნა ვენეციის კომისიის დასკვნაში. შესაბამისად, პრეზიდენტის და ე.წ. 20 პარტიის პოზიცია არის მთლიანად აცდენილი ვენეციის კომისიის დასკვნას. ვენეციის კომისიამ ჩვენ მოგვცა ძალიან პოზიტიური დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ასევე, ვენეციის კომისია არ იზიარებს პრეზიდენტის და ე.წ. 20 პარტიის შენიშვნებს საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით და ბლოკების გაუქმებასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ პროპორციული სისტემა, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია 5 პროცენტიანი ბარიერი პარტიებისთვის, სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს ელოდება. ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ვეტო იმ დოკუმენტის შესაბამისი იყოს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა 20 ოპოზიციურ პარტიასთან ერთად შეიმუშავა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0