პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სასამართლოს რეფორმის „მესამე ტალღასთან“ დაკავშირებულ კანონპროექტზე მოსაზრებების შეგროვება დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ანა დოლიძე კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ შესახებ ის კანონპროექტები განიხილა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადმოუგზავნა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაიწყო მოსაზრებების შეგროვება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და მიმდინარე კვირას უკვე გაიმართა შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციასთან.

„საქართველოს პრეზიდენტთან ხელმოსაწერად შემოვიდა კანონპროექტი, რომელიც მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებასთან მიმართებაში. ჩვენ დავიწყეთ მოსაზრებების შეგროვება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ე. წ. „მესამე ტალღას“ ეხება. შევხვდით ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს, ახლა გვქონდა შეხვედრა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც უკვე დიდი ხანია მუშაობენ სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხებზე. მოვისმინეთ მათგან მოსაზრებები იმ ნაბიჯებზე, რომლებიც გათვალისწინებულია „მესამე ტალღის“ კანონპროექტებში”, – განაცხადა დოლიძემ.

არასამთავრობოთა კოალიციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სოფიო ასათიანი, დიმიტრი ხაჩიძე, ეკა ქობეზაშვილი, ანა აბაშიძე, მარიამ მხატვარი, ანა ნაცვლიშვილი, ანა არღანაშვილი, გრიგოლ გვილავა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნული კანონპროექტი 10 იანვარს შევიდა. გიორგი მარგველაშვილს გადაწყვეტილების მისაღებად – ხელი მოაწეროს მას თუ ვეტო დაადოს, 25 იანვრამდე აქვს.

Visited 161 times, 1 visit(s) today