პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაუგებარი მიზეზების გამო არ მიეცა საშუალება, თეონა ცირამუასთვის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

24/07/2017

სამწუხაროდ, აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო არ მომეცა საშუალება, რომ ”ბლექ სი არენაზე” თეონა ცირამუა დამეჯილდოებინა, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
”გამომდინარე იქიდან, რომ კომუნიკაცია არსებობდა ყველა მიმართულებით, მე ვიცოდი, რომ თეონა ცირამუას პრეზიდენტის ღირსების ორდენით დაჯილდოება უნდა მომხდარიყო ”ბლექ სი არენაზე” და ცხადია ამისთვის ვიყავით მზად. მიგვაჩნია, რომ თეონა ცირამუა და გორის აკაპელა იმსახურებდა იმას, რომ ის ჯილდო გადაცემულიყო სწორედ მრავალათასიანი მაყურებლის წინაშე. ეს არის ხელოვანისთვის ყველაზე დიდი დაფასება. ჩვენ ამისთვის ვიყავით მზად, მაგრამ სამწუხაროდ, აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო, რომელსაც ვფიქრობ, არანაირი ტიპის ლოგიკა არ ჰქონდა, არ მომეცა საშუალება, რომ ”ბლექსი არენაზე” დამეჯილდოებინა თეონა ცირამუა და შესაბამისად, მოხდა მისი დაჯილდოება სხვა სივრცეში, რაც ძალიან სამწუხაროა”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ეს ყველაფერი დარბაზში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ყოფნით ყოფილიყო გამოწვეული, აბაშიშვილმა უპასუხა, რომ ”კონკრეტული მიზეზის თქმა არ შეუძლია”.
”მე ვიცი ერთი რამ, მე ვიყავი იქ და აბსოლუტურად არც ერთი მიზეზი არ მომისმენია, თუ რატომ არ უნდა მომხდარიყო ეს”, – აღნიშნა აბაშიშვილმა.
გორის აკაპელას ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ”ბლექ სი არენაზე” ღირსების ორდენით უნდა დაჯილდოებულიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზით, დაჯილდოება არ შედგა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0