პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია კანონში ცვლილებების გარეშეც შესაძლებელია

13/12/2018

„ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ კანონში ცვლილების გარეშეც არის შესაძლებელი რეორგანიზაციის განხორციელება“,- განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „საჯარო სამსახურის კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტზე საუბრისას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეეხება.

ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკითხის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში მსჯელობა გაიმართა. მისივე განმარტებით, შტატების რაოდენობა ბიუჯეტის კანონის თანახმად იცვლება და ნაცვლად გათვალისწინებული 140 შტატისა, შექმნილი 60 შტატი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესაბამისად ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.

„ამ მსჯელობის შედეგად, ეთხოვა ჩვენს ერთ კოლეგას, დაეინიცირებინა დღეს კანონპროექტი. თავიდანვე იყო გუნდში აზრთა სხვადასხვაობა და დღესაც არის ეს აზრთა სხვადასხვაობა გუნდში. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ კანონში ცვლილების გარეშეც არის შესაძლებელი რეორგანიზაციის განხორციელება. როგორც მოგეხსენებათ, ბიუჯეტის კანონის თანახმად, იცვლება შტატების რაოდენობა. იყო გაბერილი შტატები, რასაც თავიდანვე ვამბობდით და რაც ნათლად ჩანდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ნაცვლად გათვალისწინებული 140 შტატისა, ბიუჯეტის კანონის თანახმად, იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 60 შტატი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესაბამისად. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის სათანადოდ წარმართვას ისახავდა მიზნად ეს კანონპროექტი, თუმცა, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პირადად, ჩემი აზრია, რომ რეორგანიზაციის განხორციელება შესაძლებელია კანონში ამ ცვლილების განხორციელების გარეშეც“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მსჯელობა გაგრძელდება. ირაკლი კობახიძის შეფასებით, საკითხთან დაკავშირებით, არაჯანსაღი აჟიოტაჟი ატყდა, რაც არასწორია. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბიუჯეტის კანონის თანახმად, რეორგანიზაცია გარდაუვალია.

„გადაწყვეტილების არსი ამაში მდგომარეობს, რომ ან მიიღებ და ან გაიწვევ. მალევე მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. ატყდა ზედმეტი აჟიოტაჟი, როგორც ჩვევიათ ხოლმე ჩვენს ოპონენტებს, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციას. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით, ზოგადად, კრიტიკას, იმიტომ, რომ კრიტიკის საფუძველზე ყალიბდება საბოლოო ჯამში, სწორი აზრი, თუმცა, არ არის სწორი არაჯანსაღი აჟიოტაჟის ატეხვა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის განხილვა შეიძლება აჟიოტაჟის გარეშე.

რეორგანიზაციას ითვალისწინებს, თავისთავად, ბიუჯეტის კანონი. რეორგანიზაცია უპირობოდ უნდა ჩატარდეს, იმიტომ, რომ იყო გაბერილი შტატები. 140 იყო გათვალისწინებული ბიუჯეტის კანონით და რეალურად, იყო 119 შტატი, რამდენადაც ვიცი. ბიუჯეტის ახალი კანონის მიხედვით არის გათვალისწინებული 60 შტატი. შესაბამისად, რეორგანიზაცია არის გარდაუვალი, რეორგანიზაციის განხორციელების დროს უნდა განისაზღვროს თითოეული თანამშრომლის სტატუსი. ზოგიერთ მათგანს ექნება პროფესიული მოხელის სტატუსი, ზოგიერთი იქნება ხელშეკრულებით დასაქმებული, ეს არის პრეზიდენტის მიერ განსასაზღვრი. ამის მიხედვით ჩამოყალიბდება რეორგანიზაციის გეგმა და განხორციელდება რეორგანიზაცია. პირადად ჩემი აზრია, რომ მომავალ პრეზიდენტს არ შეეშლება ხელი რეორგანიზაციის განხორციელების დროს იმ პირობებში, თუ ის იმოქმედებს დღეს მოქმედი კანონის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მე პირადად, მგონია, რომ არ არის საჭირო ამ კანონის მიღება. გაგრძელდება მსჯელობა. უახლოეს დღეებში მივიღებთ ორიდან ერთერთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0