პრეზიდენტის ვეტო არის მთლიანად დაუსაბუთებელი

26/07/2017

„ვეტო არის მთლიანად დაუსაბუთებელი. არცერთი არგუმენტი არ არის მოყვანილი რეალურად, რომელიც დაასაბუთებდა ამ ვეტოს. საუბარია ნულოვან არგუმენტაციაზე. აქედან გამომდინარე, კოლეგებო, ჩვენ შეგვიძლია, აბსოლუტურად სუფთა და თავისუფალი სინდისით უარვყოთ პრეზიდენტის ვეტო და მხარი დავუჭიროთ პირვანდელ ცვლილებებს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პირადად, ყურადღებით გაეცნო და მისი შეფასებით, პრეზიდენტის ვეტო დაუსაბუთებელია.
„ჩვენთვის, ბუნებრივია, ვეტოს დაძლევა თვითმიზანი არ არის . აქედან გამომდინარე, ვთხოვე კომიტეტებს, რომ მთელი ყურადღებით გასცნობოდნენ შენიშვნებს და წარმოდგენილი დოკუმენტის შინაარსს. პირადად გავეცანი იმ დოკუმენტის შინაარსს, რომელიც იქნა წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. ჩემი დაინტერესება იყო ამ შემთხვევაში განსაკუთრებული, იქიდან გამომდინარე, რომ 2014 წელსაც ვიყავი ჩართული იმ პროცესებში, რომლებიც იყო დაკავშირებული თვითმმართველი ერთეულების გაყოფასთან. გარდა ამისა, ვიდრე პოლიტიკურ საქმიანობას დავიწყებდი, მანამდე, დაახლოებით, რვა წლის განმავლობაში, ვიყავი ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი. შესაბამისად, მაქვს გარკვეული ცოდნა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ყურადღებით გავცნობოდით წარმოდგენილ შენიშვნებს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, შენიშვნები არგუმენტებით არ არის დასაბუთებული. პრეზიდენტის შენიშვნაზე იმასთან დაკავშირებით, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმების შემთხვევაში, ეს ერთეულები კარგავენ საკუთარი ურბანული განვითარების დაგეგმვის შესაძლებლობას, ირაკლი კობახიძემ ევროპის ქვეყნების მოიყვანა მაგალითად და განაცხადა, რომ „ევროპა არის საუკეთესო პრაქტიკა ადგილობრივი თვითმმართველობის, სადაც ერთ თვითმმართველ ერთეულში არის გაერთიანებული როგორც ურბანული, ისე არაურბანული დასახლებები და აქ ზუსტად ისეთივე წარმატებით ხორციელდება ურბანული განვითარების დაგეგმვა, როგორც იმ ერთეულებში, სადაც თვითმმართველი ქალაქი ცალკე არის წარმოდგენილი“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0