პრეზიდენტის კომპეტენციები საპარლამენტო მმართველობის სისტემასთან სრულად თავსებადია

05/06/2017

„კომპეტენციებთან დაკავშირებით რაიმე არსებითი ცვლილება ჩვენ არ გვექნება. პრეზიდენტის კომპეტენციებს რაც შეეხება , არის სრულად თავსებადი იმ სისტემასთან, რომელიც არის ჩამოყალიბებული – საპარლამენტო მმართველობის სისტემასთან. ამასთან დაკავშირებით შენიშვნები ვერ ექნებათ ვერც ჩვენს პარტნიორებს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, არის აბსოლუტურად რაციონალურად განსაზღვრული პრეზიდენტის როგორც სტატუსი, ისე კომპეტენციები, იმ სისტემის საერთო ლოგიკიდან გამომდინარე, რომელიც არის ჩამოყალიბებული. საუბარია საპარლამენტო სისტემაზე,“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საპარლამენტო სისტემაში პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ პრეზიდენტი იყოს არჩეული არაპირდაპირი წესით. მისივე განცხადებით პირდაპირი არჩევნებიდან არაპირდაპირ არჩევნებზე გადასვლა ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია იმ სისტემაში, რომელიც არის ჩამოყალიბებული.
„ჩვენ პირდაპირი არჩევნებიდან უნდა გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმ სისტემაში, რომელიც არის ჩამოყალიბებული.
საპარლამენტო სისტემაში პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ პრეზიდენტი იყოს არჩეული არაპირდაპირი წესით. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები აღარ ისმება. აუცილებლად გაკეთდება ეს,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის არჩევის ვადასთან დაკავშირებით განმარტა, რომ უმრავლესობის ფორმატში ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს და საბოლოო პოზიცია პარლამენტის შიგნით, საკომიტეტო და პლენარული განხილვების დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდება.
„რაც შეეხება ვადებს. სერიოზული წინააღმდეგობა არის იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტით მომავალ წელს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების ჩატარება განისაზღვრება. ჩვენ ვთქვით, რომ კომპრომისის საფუძველზე შეგვეძლო დაგვეტოვებინა პირდაპირი არჩევის წესი მომავალი წლისათვის, ასევე პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც მოქმედ პრეზიდენტს უკავშირდება. თუმცა, საუბარი იყო იმაზე, რომ არსებული მოვლენების გათვალისწინებით კომპრომისმა აზრი დაკარგა. ეს იყო გარკვეული დეპუტატების პოზიცია. ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება მსჯელობა ამაზე. შეიძლება ვიფიქროთ ალტერნატიულ გადაწყვეტაზე. საბოლოო ჯამში, პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს პარლამენტის შიგნით, საკომიტეტო განხილვების და პლენარული განხილვების დასრულების შემდეგ,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ კონკრეტული სუბიექტების მიერ დაგეგმილ დესტრუქციულ გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მართალია არა წარმატებულად, მაგრამ გეგმა მაინც განხორციელდა.
„რეალურად ეს დაიგეგმა და განხორციელდა სამწუხაროდ პრეზიდენტის უშუალო ჩართულობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეების უშუალო ჩართულობით, რაც არის ძალიან შემაშფოთებელი და სამწუხარო. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტს აკისრია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია კონსტიტუციასთან მიმართებით და ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ასეთ პირობებში გეგმავს დესტრუქციულ ქმედებებს საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ. ეს გეგმა შედგა და სამწუხაროდ ეს გეგმა არა წარმატებულად, მაგრამ მაინც განხორციელდა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გადაწყვეტილება პრეზიდენტის არჩევის ვადასთან დაკავშირებით შესაბამისი მსჯელობისა და დისკუსიის შემდეგ იქნება მიღებული.
„ასეთ დროს ბუნებრივია ლოგიკურია კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქვს აზრი ჯერ კიდევ კომპრომისს. ამაზე დისკუსია, მსჯელობა უნდა გაგრძელდეს და ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ ჩვენ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის, რა რეგულაცია ამოქმედდება,“-განაცხად ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0