პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ბიბლიოთეკების განვითარებისა და ბიბლიოთეკარების როლის გასაძლიერებლად ახალი პროექტი დაფინანსდა

06/10/2017

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ბიბლიოთეკების განვითარებისა და ბიბლიოთეკარების როლის გასაძლიერებლად ახალი პროექტი დაფინანსდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს, ქალაქ თელავში ახალი, საპილოტე პროექტის მონაწილე ბიბლიოთეკარებს შეხვდა.
პროექტს „ბიბლიოთეკარი, როგორც თემის მობილიზატორი და თემის გამაძლიერებელი“ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ახორციელებს და მისი მიზანი სოციალური მიმართულებით სოფლის ბიბლიოთეკარების გადამზადებაა, რათა სოფლად ბიბლიოთეკარი გახდეს არამხოლოდ ინფორმაციის გამცემი, არამედ შეეძლოს დაეხმაროს მოსახლეობას სოციალური პრობლემების მოგვარებაში, დააკვალიანოს და კონსულტაცია გაუწიოს მათ სოციალური დახმარების მიღების სურვილის შემთხვევაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა, და განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საბიბლიოთეკო ასოციაციას და ბიბლიოთეკების მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ეტაპიანი მხარდაჭერა ჰქონდა – ეს იყო სოფლის ბიბლიოთეკების წიგნების ფონდის განახლება, ინტერნეტიზაციის რამდენიმე ეტაპი, მაგრამ ახლა, დამატებით, სრულიად ახალი ფუნქცია შეიძინეს სოფლის ბიბლიოთეკებმა.
“ფაქტობრივად ახლა ბიბლიოთეკები გარკვეული მიზიდულობის ცენტრად ყალიბდებიან სოფლებში და ბიბლიოთეკარებმა შეიძინეს სრულიად ახალი ფუნქცია – რეალურად ასრულებენ მოსახლეობის დამხმარეების როლს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, თუ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში და პრაქტიკულად სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება სოფლის ბიბლიოთეკების და სოფლის ბიბლიოთეკარების მნიშვნელობა.
ისინი ქმნიან არაერთ პროექტებს საკუთარი სოფლებისთვის და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მათ კიდევ უფრო მეტად დაეხმარება მათი იდეების რეალიზებაში,” – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
პროექტში გათვალისწინებულია თემის მობილიზაციის ტრენინგის შედეგად გადამზადებული ბიბლიოთეკარების მიერ სათემო პროექტების მომზადება, მათგან 5 საუკეთესო პროექტის შერჩევა და განხორციელება, ასევე ტრენინგის ჩატარება ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის, რათა მათ შემდგომში მხარი დაუჭირონ ახალ ინიციატივებს.
საპილოტე პროექტში ჩართულები არიან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული სხვა პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ მონაწილე ბიბლიოთეკარები, რომლებიც მომზადებული არიან საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის პროგრამასთან თანამშრომლობით.
პროექტი 2017 წლის დეკემბერში დასრულდება.
დღეს თელავში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0